საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 2011 წლიდან დღემდე 100%-ზე მეტად გაიზარდა l ივანე აბაშიძე
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ივანე აბაშიძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოს საზღვაო სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც როგორც მეზღვაურთა რაოდენობის ზრდაში, ისე დარგის ეკონომიკურ მაჩვენებლებში აისახა.
როგორც სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, 2011 წლიდან დღემდე საქართველოში მეზღვაურთა რაოდენობა 8,600-დან დაახლოებით 21,000-მდე გაიზარდა, ხოლო დარგიდან მიღებულმა შემოსავლებმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია.
„ქართველი მეზღვაურები არ არიან შრომითი მიგრანტები ისინი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული სერვისის ექსპორტს ახორციელებენ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან“, - განაცხადა ივანე აბაშიძემ. მისი თქმით, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურ-ოფიცრებისმომზადებას უთმობს. ამ მიზნით სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს საზღვაო განათლების განვითარებაში, მათ შორის, სასწავლო ინფრასტრუქტურის, ლაბორატორიებისა და თანამედროვე სიმულატორების განახლების მიმართულებით.
როგორც სააგენტოს დირექტორი აცხადებს, საქართველოს მიერ გაცემულ საზღვაო სერტიფიკატებს მსოფლიოს 75 სახელმწიფო აღიარებს, ხოლო ქართველ მეზღვაურებს დასაქმების შესაძლებლობა მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80 პროცენტზე აქვთ.
ივანე აბაშიძის განცხადებით, მეზღვაურის პროფესია დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია, რაც ახალგაზრდებს საერთაშორისო კარიერისა და პროფესიული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. მისივე თქმით, სრულად ამოქმედდა მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა მეზღვაურთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის მექანიზმები.
სააგენტოს დირექტორმა ასევე ისაუბრა 25 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე წელს მასშტაბურად აღინიშნება და მოიცავს კურსანტების მარშს, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას, საგამოფენო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.