საქართველოში ნახშირბადის ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა - ADB
აზიის განვითარების ბანკი (ADB) განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს ,,CAREC-ის ქვეყნებში სატრანსპორტო სექტორში ნახშირბადის ფასის მექანიზმების გავლენისა და შესაძლებლობების შესწავლა". ანგარიშში აღნიშნულია, რომ სატრანსპორტო სექტორი მსოფლიოში სათბურის აირების (GHG) ემისიების ერთ-ერთი უმსხვილესი წყაროა. ნახშირბადის ფასის დაწესების მექანიზმები, მათ შორის ნახშირბადის გადასახადი და ემისიებით ვაჭრობის სისტემა (ETS), სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი ემისიების შემცირების წახალისებისთვის, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობისა და მდგრადი პრაქტიკის განვითარებისათვის. საკითხი განხილულია საქართველოს კონტექსტშიც.
,,საქართველოში ნახშირბადის ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. ეროვნულ დონეზე ამ დრომდე არ არის დანერგილი არც ნახშირბადის გადასახადი (Carbon Tax) და არც ემისიებით ვაჭრობის სისტემა (ETS). აღნიშნულის ნაცვლად, მთავრობამ ყურადღება გაამახვილა ბაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მათ შორის სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და გადამოწმების (MRV) ეროვნული სისტემის დანერგვასა და საერთაშორისო ნახშირბადით ვაჭრობის მექანიზმებში თანამშრომლობაზე.
2024 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა გარემოს დაცვის შესახებ კანონის ცვლილებები, რომლითაც სათბურის აირების ემისიების MRV სისტემა ამოქმედდა. მიღებული რეგულაციების თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან გარკვეული სამრეწველო და საავიაციო კომპანიები ვალდებულნი არიან მიიღონ სათბურის აირების ემისიების ნებართვა. ამისთვის მათ უნდა შეიმუშაონ ემისიების მონიტორინგის გეგმა და რეგულარულად წარადგინონ ანგარიშები უფლებამოსილ ორგანოში.
ამასთან, ქვეყანაში იქმნება ეროვნული ემისიების აღრიცხვის სისტემა, რომლის ფარგლებში ყველა მსხვილი ემისიის გამომყოფი საწარმო ვალდებული იქნება გაზომოს და გადაამოწმოს საკუთარი ემისიები. ეს წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას როგორც საბაზრო მექანიზმების ამოქმედებისთვის, ისე ემისიების შემცირების პროგრესის ზუსტი მონიტორინგისთვის.
შესაბამისად, 2024–2026 წლებში საქართველოში ფორმირდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნახშირბადის ბაზრის ფუნქციონირებას, ისე ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო ემისიებით ვაჭრობის მექანიზმებში. საქართველოს მარეგულირებელი და სტრატეგიული ჩარჩო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სულ უფრო მეტად უახლოვდება ევროკავშირის (EU) პოლიტიკას. ევროკომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უკვე მიიღო 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, თუმცა კლიმატის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან (EU acquis) საერთო შესაბამისობა ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება - თორნიკე სულაბერიძე
20.07.2026.21:41
„ინვესტიციების სააგენტო მიმდინარე წელს 300-მდე ადგილობრივ მეწარმეს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება",- ამის შესახებ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ქართველი მწარმოებლები 2026 წლის განმავლობაში 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იქნებიან წარდგენილნი.
„წლის განმავლობაში განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა, მათ შორის 10-მდე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გვყავდა 100-მდე ექსპორტიორი კომპანია წაყვანილი. ჩვენ ასევე მიმდინარე წელს ვგეგმავთ რამდენიმე მსხვილ გამოფენას. წლის განმავლობაში 20-მდე გამოფენაზე მივიღებთ მონაწილეობას და დაახლოებით 300-მდე ექსპორტიორ კომპანიას წავიყვანთ გამოფენებზე“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ივნისში ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა 770.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რე-ექსპორტის გამოკლებით) წინა წლის ივნისთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და მოცულობა 469 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდს, ექსპორტი 20.0%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა - 3,876.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით გაიზარდა და მოცულობა 2,391.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.