საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის - ნათია თურნავა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ციფრული აქტივების ბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის - Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
Bybit მსოფლიოს 240-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და რეგულატორულ ავტორიზაციებს სხვადასხვა რეგიონში ფლობს, მათ შორის, ევროკავშირის MiCAR-ის ჩარჩოში. Bybit საქართველოში ოპერირებას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისისა (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერების (PSP) ლიცენზიების საფუძველზე იწყებს.
ღონისძიების გახსნისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეებს Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოწინავე გლობალური კომპანიის ქვეყანაში შემოსვლა საქართველოს საფინანსო სექტორის დინამიურ განვითარებას ადასტურებს.
„მისასალმებელია, რომ ციფრული აქტივების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე საერთაშორისო კომპანია Bybit ქართულ ბაზარზე შემოვიდა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების დანერგვა დაიწყო. მსგავსი გლობალური კომპანიის ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში საფინანსო სექტორი დინამიურად ვითარდება და სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კომპანიებისა და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკისთვის ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენციის ზრდა პრიორიტეტულია, რაც ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და სერვისების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. ამასთან, მან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება. ეროვნულ ბანკს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებზე სრული ზედამხედველობის უფლებამოსილება გააჩნია. აღნიშნული ჩარჩო სექტორის სათანადო რეგულირებას უზრუნველყოფს, რაც ბაზრის გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსურ ტექნოლოგიებში რეგიონულ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო რეგიონის ფინტექ ჰაბად ჩამოყალიბდა, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირს გააძლიერებს.
სიტყვით გამოსვლისას Bybit-ის CEO-მ და თანადამფუძნებელმა ბენ ჟოუმ კომპანიის საქართველოთი დაინტერესების შესახებ ისაუბრა.
„სასიხარულოა, რომ საქართველო კრიპტოადაპტაციის განვითარების მხრივ მაღალ დონეზეა, სტეიბლკოინების ადაპტაციისა და რეგულატორული ჩარჩოების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერია. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც სხვა რეგიონებში ვაწყდებით, საბანკო წესები და რეგულაციური შეზღუდვებია. საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიურია და ეს ძალიან კარგია ინდუსტრიის განვითარებისთვის. აუცილებელია იმის დანახვა, რომ ეროვნული ბანკი ამ ინოვაციურ პროცესს ხელმძღვანელობს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში ინვესტირება“, - განაცხადა ბენ ჟოუმ.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „საქართველოს ციფრული ფინანსური ეკოსისტემის მომავალი“, რომელშიც მონაწილეობდნენ Bybit-ის CEO და თანადამფუძნებელი ბენ ჟოუ, Bybit Georgia-ის დირექტორი შოთა ლომთაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე, Pave Bank-ის თანადამფუძნებელი და CEO სალიმ დჰანანი და Tether-ის გლობალური გაფართოების და სტრატეგიული პარტნიორობების ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაგო.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საერთაშორისო პარტნიორები და ბიზნეს სექტორისა წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $488.2 მლნ შეადგინა
25.08.2026.10:52
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
კერძოდ, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 488.2 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივლისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი
თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი
მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი
აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი
მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი
ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი
ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 სექტემბერს გამოაქვეყნებს.