საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 10.1%-ით გაიზარდა - 2024 წლის სტატისტიკა
2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 10.1 პროცენტით გაიზარდა და 1 896 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 13.2 პროცენტით გაიზარდა და 590 ლარს გაუტოლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.9 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 81.7 პროცენტს შეადგენდა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.6 პროცენტით გაიზარდა და 1 978 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 5.5 პროცენტით გაიზარდა და 1 755 ლარს გაუტოლდა.
ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.6 პროცენტი შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.7 პროცენტს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.3 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
2024 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნერნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 5.2 პროცენტით გაიზარდა და 1 736 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2 პროცენტით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.9 პროცენტი შეადგინა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1 813 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.4 პროცენტით გაიზარდა და 1 603 ლარს გაუტოლდა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.1 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826