საიდან ახდენს საქართველო საზამთროს იმპორტს - სტატისტიკა
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოში საზამთროს იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცულობაშიც და ღირებულებაშიც გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, დღეისათვის ბაზარზე ირანული საზამთრო დომინირებს.
2026 წლის იანვარ-აპრილში 1 233.0 ტონა საზამთროს იმპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ 392.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. შედარებისთვის, 2025 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებულ იქნა 1 040.5 ტონა პროდუქტი, რომლის ღირებულებამ 324.4 ათასი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ადრეული საზამთროს იმპორტი მოცულობის მიხედვით 18.5%-ითაა გაზრდილი.
გაზაფხულის თვეებში ქართულ ბაზარზე შემოტანილი პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა ერთ ქვეყანაზე მოდის. მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ირანიდან 1 218.1 ტონა საზამთრო შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის თითქმის 99%-ს შეადგენს. პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები 14.0 ტონით, ხოლო მესამე პოზიციას თურქეთი იკავებს, საიდანაც საქართველომ 0.8 ტონა პროდუქტი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ საზამთროს იმპორტის მზარდი ტენდენცია ბოლო წლებში მყარად ფიქსირდება. გასულ, 2025 წელს საქართველომ ჯამში 10 033.7 ტონა საზამთროს იმპორტი განახორციელა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, როდესაც ქვეყანაში 7 737.1 ტონა პროდუქტი შემოვიდა.
სხვა სიახლეები
სამომავლო მიწოდებაში ზომასთან ერთად მზარდია მაღალი კლასის საწყობების წილიც - Galt & Taggart
27.07.2026.19:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,საწყობები და ლოგისტიკა საქართველოში” აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს სასაწყობე ბაზარი გარდამავალ ეტაპზეა - ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა, მაღალი კლასის დიდი ფართების დეფიციტმა ქირა მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო მსხვილმა კომპანიებმა პასუხად საკუთარი თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობა დაიწყეს. ამასთან, დოკუემნტში აღნიშნულია, რომ საწყობების უმეტესობაში კომპანიები საკუთარ ლოგისტიკურ ჯაჭვს თავად მართავენ, 3PL კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა ზრდის პოტენციალი აქვს ადგილობრივი ელ-კომერციის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან მოთხოვნის ზრის და უცხოური კომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გათვალისწინებით.
,,საქართველოში ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი მშპ-ში
სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებშია, რაც ჩამორჩება განვითარებული
ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებელს და ზრდის პოტენციალზე მიუთითებს. სექტორის შემოსავლები გასულ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა;
აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული. გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში
საწყობებზე გაზარდა, ხოლო, თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე. თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას. თბილისში საწყობების მიწოდების ზრდის ტემპი 2024 წლიდან დაჩქარდა, თუმცა ჯამური მიწოდება შესადარის ქალაქებთან მიმართებით კვლავ დაბალია. სამომავლო მიწოდების 85%, მიწის ხელმისაწვდომობის გამო, სამგორსა და თბილისის შემოგარენშია კონცენტრირებული”, - წერს Galt & Taggart-ი.