საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია - თამარ იოსელიანი
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. თამარ იოსელიანის თქმით, მიმდინარე მაჩვენებლები ძალიან მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ ტრანსპორტის სექტორი საქართველოში აგრძელებს სტაბილურ და დინამიურ ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს ზრდა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.
„2025 წელი ძალიან წარმატებული იყო ტვირთბრუნვის მიმართულებით და საკმაოდ დინამიური და სტაბილური ზრდა გვქონდა. აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც. საანგარიშო პერიოდში ჩვენი პორტები დაახლოებით 4.3 მლნ ტონაზე მეტ ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი ზრდაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტეინერების მიმართულებითაც ზრდა ნარჩუნდება - გადამუშავებულია 188 ათას TEU, რაც დაახლოებით 6%-ით ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რეკორდული იყო 2025 წელი და დაახლოებით 750 000 კონტეინერს მოვემსახურეთ, რაც დაახლოებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ამ მიმართულებით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტიც ხორციელდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტვირთნაკადების კუთხით მიმდინარე წელს ძალიან კარგი დასაწყისია და თუ აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდება, 2026 წელი მთლიანობაში კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.
„ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია, ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გლობალურად მოწინავე პოზიციებზეა - ვახტანგ ცინცაძე
25.07.2026.12:09
„სანდო, დამოუკიდებელი და პროფესიული სტატისტიკური სისტემა თანამედროვე სახელმწიფო მმართველობის, ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ფუნდამენტური წინაპირობაა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ქვეყნის სტატისტიკური სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, მონაცემთა ხარისხისა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს და არაერთი მიმართულებით გლობალურად მოწინავე პოზიციებს იკავებს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის 107 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს მაღალი ხარისხის სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფს.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებულ ოფიციალურ სტატისტიკას ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების, ანალიზისა და დაგეგმვის პროცესში. სამინისტრო და „საქსტატი" მჭიდრო პარტნიორობის ფარგლებში ასევე ერთობლივად ახორციელებენ არაერთ კვლევასა და ანალიტიკურ პროექტს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული სტატისტიკის ეროვნულის სისტემის განვითარების მიმართულებით, რომელიც მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს სტატისტიკის არეალის გაფართოების, ახალი გამოკვლევების ჩატარების, ახალი ინდიკატორების წარმოების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ახალი სერვისების განვითარების კუთხით.