საქართველოში წარმოებული წვენების ექსპორტი იზრდება - აშშ კვლავ წამყვან ბაზარად რჩება
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ექსპორტზე 18 559.4 ათასი დოლარის ღირებულების 11 945.8 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები გაიტანა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით 14 212.6 ათასი დოლარის ღირებულების 8 739.2 ტონა წვენი. ეს კი ნიშნავს, რომ ღირებულებით ნაწილში ზრდა 30.59%-ია, ხოლო მოცულობების კუთხით 36.69%-იანი.
2026 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებლებით საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით ნატურალური წვენების ექსპორტი აშშ-ში განახორციელა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ხილისა და ბოსტნეულის წვენებს ყიდის:
• აშშ - 2 881.2 ტონა;
• ავსტრალია - 2 488.0 ტონა;
• რუსეთი - 1 458.9 ტონა;
• გერმანია- 1 211.6 ტონა,
• ისრაელი - 860.3 ტონა.
სხვა სიახლეები
2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის ტექნიკური იმპორტის საშუალო შეწონილი ფასი 6.5 აშშ ცენტი/კვტ.სთ იყო - Galt & Taggart
08.10.2026.15:00
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - აგვისტო 2026” - ს აქვყენებს. პუბლიკაციაში მიმოხილულია სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები და სამომავლო პერპექტივები.
,,საექსპორტო სეზონი დასრულდა და აგვისტოდან დაიწყო იმპორტ-დამოკიდებული პერიოდი - 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ძირითადად შედარებით გრილი ზაფხულის ფონზე. აღრიცხულ კლებაზე მიკრო სიმძლავრის სადგურების გამომუშავებამაც იმოქმედა, რომელიც სტატისტიკაში მოხმარებას აკლდება. ჩვენი შეფასებით, ამ გამომუშავების გათვალისწინებით, 2026 წლის აგვისტოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 1.7%-ით შემცირდებოდა, ოფიციალურად აღრიცხული 3.6%-ის ნაცვლად. 2026 წლის აგვისტოში თბოსადგურების წილმა ჯამურ მიწოდებაში 23.8% შეადგინა, ხოლო მათი გამომუშავება წლიურად 0.2%-ით შემცირდა. თბოსადგურების ჩართვა საჭირო გახდა მოხმარებასა და განახლებად გენერაციას შორის სხვაობის შესავსებად, „იმერეთის“ ხაზის გადატვირთვის რისკის შესამცირებლად და სისტემისთვის აუცილებელი რეზერვების უზრუნველსაყოფად. 2026 წლის 8 თვის შეჯამება: საექსპორტო სეზონმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. 2026 წლის საექსპორტო სეზონი მაისი-ივლისით შემოიფარგლა. თურქეთში ელექტროენერგიის დაბალმა ფასებმა და სუსტმა მოთხოვნამ გამოიწვია საქართველოდან ექსპორტის რაოდენობის და შესაბამისად საექსპორტო შემოსავლების შემცირება (-53.8% წ/წ, 10.7 მლნ აშშ დოლარი). ამასთან, საქართველოში საჭირო გახდა ჭარბი ჰიდროგენერაციის ტექნიკური შეზღუდვა (ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 0.5 ტვტ.სთ, რაც 8 თვის ჯამური განახლებადი გენერაციის 6.1%-ია). ზაფხულის შედეგები საინვესტიციო კლიმატის სისტემის საჭიროებებზე მორგების აუცილებლობას აჩვენებს. ჩვენი აზრით, ახალი პროექტების მხარდაჭერისას, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს გამომუშავების სეზონურობასა და სისტემის საიმედოობაში მათ წვლილს, რაც CFD-ის პირობებსა და ტარიფებშიც უნდა აისახოს”, - აღნიშნულია ანგარიშში.