საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლების ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვს ისრაელიდან და ემირატებიდან ჩამოსული ტურისტების ნაკადს - HSC Group Hospitality-ს დირექტორი
საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლების ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვს ისრაელიდან და ემირატებიდან ჩამოსული ტურისტების ნაკადს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძემ განაცხადა.
„მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტის მოზიდვასა და ათვისების მიმართულებით აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში უამრავი სწორი, დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან. ძალიან გააქტიურებულია ეს კოლაბორაცია, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას, რომ გავიდეს სწორედ იმ შედეგებსა და მიზნებზე, რომლებიც დასახული გვაქვს თავიდანვე და რომელთა მიღწევისკენაც ჩვენი ტურიზმი და, ზოგადად, ინდუსტრია ისწრაფვის.
როგორც ვახსენეთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში აქტიურად დაიწყო ფრენების დამატება, რაც, ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ იყო უმნიშვნელოვანესი განმაპირობებელი ფაქტორი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და, რა თქმა უნდა, ზურგს გვიმაგრებს.
არ შეიძლება, არ შევეხოთ ერთობლივ ან ცალკეულ მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია მნიშვნელოვან გამოფენებში მონაწილეობა. დღესაც ვხედავთ, რამდენად კარგად არის გამოხატული საქართველოს ბრენდინგი სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც სკანდინავიის ქვეყნებში. ვფიქრობ, ეს დროულია, რადგან პირველი ივნისიდან სწორედ ამ მიმართულებებიდან დაგვემატა პირდაპირი რეისი, რომელიც უკვე გააქტიურებულია.
ევროპის შემდეგ ბრიტანეთიც ერთ-ერთი ის ნიშაა, საიდანაც შეგვიძლია, სწორად მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები. აღნიშნული კამპანიები, რა თქმა უნდა, ხელშემწყობი იქნება. ასევე ხაზგასასმელია, რომ დღეს მიმდინარე მარკეტინგი და მსგავსი აქტივობები ნაწილობრივ ხელს შეუწყობს დაბალ სეზონსაც და სამთო-სათხილამურო კურორტებზე კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას.
შესაბამისად, ჩინეთი, საიდანაც შანხაიდან პირდაპირი რეისები დაემატა, უკვე გაორმაგებული და გასამმაგებულია ჩინეთიდან ვიზიტები როგორც ჩვენს, ისე ზოგადად სხვადასხვა პარტნიორ თუ კოლეგა სასტუმროებში. ყველანაირი, თუნდაც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვების გარეშეც, ქალაქში გადაადგილებისას ჩანს, რამდენი ავტობუსი, ტურისტული კომპანია, გიდი და მძღოლი ჩერდება და ემსახურება უშუალოდ მოჭარბებულ ჩინელ ტურისტებს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რადგან ჩინეთი, ისევე როგორც აზია, ჩვენი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორია და, ჩემი აზრით, ტურისტებითაც კარგად და ნაყოფიერად გვამარაგებს.
ზოგადად, სტატისტიკას თუ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ნარჩუნდება ისრაელისა და ემირატების აქტივობა, რადგან სწორედ საქართველოში ტურიზმის მაჩვენებლების ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვს ისრაელიდან და ემირატებიდან ჩამოსული ტურისტების ნაკადს.
არ შეიძლება, არ შევეხოთ მეზობელ ქვეყნებსაც, რადგან, როდესაც ქვეყანა ტურისტულად ვითარდება, ამ პროცესს ხელს უწყობს და, რა თქმა უნდა, გარდაუვალიცაა მეზობელი ქვეყნებიდან მზარდი და სტაბილური ნაკადების არსებობა.
შესაბამისად, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპის მიმართულებით, ბრიტანეთიდან და ჩინეთიდან, ასევე ისრაელიდან და ემირატებიდან, ეტაპობრივად იზრდება მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რიცხვი. უბრალოდ, ეს ვერ მოხდება ერთ ან ორ წელში ისე, რომ მხოლოდ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მივიღოთ. ამას შესაბამისი დრო სჭირდება.
კარგი ისაა, რომ ქვეყნის მხრიდან დასახული სტრატეგიები, ჩამოყალიბებული ბრენდინგი და ის მიმართულება, რომლითაც ჩვენი ქვეყანა ვითარდება, ამ პროცესს ხელს უწყობს. შესაბამისად, რადგან ბიზნესშიც და ეკონომიკაშიც ძვირადღირებული პროდუქტის გაყიდვა რთულია და მისი მომხმარებლების სეგმენტი ვიწროა, აქაც იმავე პირობების წინაშე ვდგავართ. გვიწევს დროისა და სხვადასხვა კამპანიის ერთმანეთთან შერწყმა და შეთანხმება, რათა სწორედ ამ ვიწრო, მაგრამ ყველაზე სასურველ სეგმენტზე გავიდეთ.
თუმცა, როგორც ვახსენეთ, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი ბოლო 2 წლის განმავლობაში ფრენების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო, რამაც ეს საკითხი გადაჭრა“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
სხვა სიახლეები
იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და $20 534.7 მლნ შეადგინა | საქსტატი
13.10.2026.11:04
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 534.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 6 153.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.6 პროცენტით), ხოლო იმპორტი 14 381.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 5.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს.