საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში - მარიამ ქვრივიშვილი
„პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.
„გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიიღო. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისა და შესაბამისად, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. სულ უფრო მზარდია შუა დერეფნის როლი დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობისთვის. შუა დერეფანი ჩამოყალიბდა ევროპასა და აზიას შორის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-ეკონომიკურ მარშრუტად, რაშიც საქართველო საკვანძო როლს ასრულებს. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა დღეს მაქსიმალური დატვირთვით ფუნქციონირებს. ზრდა ფიქსირდება ყველა სახეობის ტვირთთან მიმართებით. 2026 წლის იანვარ-აპრილში ტვირთბრუნვა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21%-ით გაიზარდა, ხოლო ბოლო 4 წლის განმავლობაში ჯამურად 46%-იანი ზრდა დაფიქსირდა",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ გასული ერთი წლის განმავლობაში ჩამოაყალიბა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის შემდგომი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგია, რომელიც სრულ თანხვედრაშია შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდის პერსპექტივებთან.
„საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე აღნიშნული სექტორის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც მოიცავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, საქართველოს რკინიგზის თვისებრივ განახლებას და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის დასრულებას. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, განხორციელებულმა რეფორმებმა და პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინირებულმა მუშაობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესიგანაპირობა როგორც მეზობელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების, ჩინეთისა და ყურის სახელმწიფოების, ისე დასავლური კომპანიების მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანაკლიის პროექტმა უკვე არა მხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის დატვირთვა შეიძინა. პროექტის მიმართ მრავალი ქვეყნისა და საერთაშორისო კომპანიის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ანაკლიის განვითარება დაეფუძნოს მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს წამყვან როლს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამავდროულად, შექმნის კონკურენტულ გარემოს, სადაც არაერთი დაინტერესებული პარტნიორი ქვეყნისა და კომპანიის ინტერესების გათვალისწინება გახდება შესაძლებელი",- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826