საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ციფრულ ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს და მხარს უჭერს ტექნოლოგიურ პროგრესს და ქმნის მყარ საფუძველს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი დანერგვისთვის.
„საქართველო ამ გლობალური ტრანსფორმაციის მიღმა არ დარჩება. ამჟამად ვმუშაობთ ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ სტრატეგიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში კი ვაფუძნებთ ქვეყნის პირველ ხელოვნური ინტელექტის კვლევით ცენტრს. ეს სივრცე გააერთიანებს მკვლევრებს, სტარტაპერებსა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ერთობლივად შევქმნათ პრაქტიკული AI-პროდუქტები და ხელი შევუწყოთ ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის განვითარებას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მანვე ყურადღება გაამახვილა კონფერენციის გახსნის დღეზე, როდესაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართვისთვის მოესმინა. მისი თქმით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდ როლს ანიჭებს ჩინეთი საერთაშორისო პარტნიორობასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.
სხვა სიახლეები
ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის - ინგა ფხალაძე
10.08.2026.20:50
„ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას" - განაცხადა ინგა ფხალაძემ.