სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ერეკლე კეჟერაშვილი უხელმძღვანელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის შედეგად, ერეკლე კეჟერაშვილი დაინიშნა.
ერეკლე კეჟერაშვილს მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია ტრანსპორტის სფეროში რეფორმებისა და მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში იგი იყო „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზაციის (OTIF) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.
სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო 2023 წლის მაისში „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონსა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვის მიზნით დაწყებული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ამ რეფორმის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება, რათა საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას, გაათავისუფლებს სარკინიგზო ოპერატორსა და ინფრასტრუქტურის მმართველს/მენეჯერს საჯარო ვალდებულებებისგან და ამით ბიზნესოპერატორებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზას, მიეცემათ შესაძლებლობა მეტად ორიენტირებული იყვნენ კომერციულ პრინციპებზე.
სააგენტოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში - პირველ ეტაპზე სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, სარკინიგზო ოპერატორების, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო სასწავლო დაწესებულებების და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826