სასაწყობე სექტორს ზრდისა და გაფართოების პოტენციალი ცალსახად აქვს - ზუკა თავყელიშვილი
სასაწყობე სექტორს ზრდისა და გაფართოების პოტენციალი ცალსახად აქვს - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა ზუკა თავყელიშვილმა განაცხადა.
„გეთანხმებით იმაში, რომ თვითონ ეს ინდუსტრია ძალიან ბევრ სექტორს ეხება და ბევრი ჩართული მხარე არის სასაწყობე მიმართულებით.
რაც შეეხება მდებარეობებს, თუ შევხედავთ, თბილისში ბუნებრივია, რომ საწყობების უდიდესი ნაწილია კონცენტრირებული. 2025 წელს 1 260 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი იყო მიწოდება. მას მოჰყვება ბათუმი 340 000 კვადრატული მეტრით და ფოთი 170 000 კვადრატული მეტრით.
თუ შევადარებთ, ფოთში, მაგალითად, თუ ავიღებთ საბაჟო საწყობების წილს ჯამურ საწყობებში, არის დაახლოებით 70%. შესადარისად, თბილისში ეს არის მხოლოდ 23%, ანუ თბილისში არსებული საწყობები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს და ფოთში ემსახურება საერთაშორისო ტვირთს ძირითადად.
სექტორს ზრდისა და გაფართოების პოტენციალი ცალსახად აქვს. ახლა მიწოდების მხარეს, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ გაზრდილი არის ტემპი.
თუ შევხედავთ, მაგალითად, წინა ათწლეულს - 2014-დან 2024 წლამდე რომ გადავხედოთ საკმაოდ ნელი ტემპით იზრდებოდა მიწოდება და წლიურად საშუალოდ 35 000 კვადრატული მეტრის სასაწყობე სივრცეები შენდებოდა.
2022-2023 წელს გაზრდილ მოთხოვნას ის მოჰყვა, რომ 2024 წლიდან უკვე მიწოდების მხარეს ვნახეთ შესაბამისი პასუხი და გახუთმაგდა მიწოდების ტემპი, ანუ საშუალოდ წლიურად 180 000 კვადრატული მეტრი ემატება თბილისს 2024 წლიდან.
თუ შევხედავთ მომდევნო ორ წელს 2026-2027 წლებში რაც უნდა აშენდეს, ჯამში თითქმის 400 000 კვადრატული მეტრის მიწოდება უკვე დაგეგმილია და ნებართვები არის ამაზე გაცემული, რაც იქნება 2025 წელთან დაახლოებით 31%-იანი ზრდა.
ანუ მიწოდების ტემპი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეს, ბუნებრივია, სექტორის აქტუალობაშიც აისახება“, - აცხადებს ზუკა თავყელიშვილი.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
07.09.2026.19:56
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევსა და კომპანია KTZ Express - ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აიბეკ კაპარსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა და საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
შეხვედრას დაესწრო საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ქაჯაია.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.