სასტუმრო Mercure ბათუმში 2026 წელს გაიხსნება
მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ჯგუფი Accor-ი 2026 წელს უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია მარდი ჰოლდინგთან თანამშრომლობით ბათუმში სასტუმრო Mercure-ს გახსნის.
Accor-ის ინფორმაციით, სასტუმრო მომხმარებლებს შესთავაზებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და ასევე ლოიალური პროგრამის „აკორი-იცხოვრე შეზღუდვების გარეშე"-ს (ALL – Accor Live Limitless) ფარგლებში სტუმრებს დამატებით სერვისებსა და ბენეფიტებს შესთავაზებს. .
"მოხარული ვართ გაცნობოთ ჩვენი ინოვაციური პროექტის შესახებ საქართველოში, რომელიც გულისხმობს ევროპის წამყვანი ქვეყნების მიერ აღიარებული, 2023 წლის ტურისტული "ოსკარის", World Travel Awards-ის სამგზის მფლობელი ბრენდის, Mercure-ს" პრემიერას ქალაქ ბათუმში. დარწმუნებული ვართ, რომ სასტუმროს უნაკლო სერვისის, ქალაქის ადგილობრივი ხიბლისა და ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციების სინთეზი დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. „დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ მარდი ჰოლდინგს ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რომელიც გვაძლევს საშუალებას განვახროციელოთ ერთობლივი პროექტი საქართველოს ღირსშესანიშნავ შავი ზღვის სანაპიროზე" - აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის გენერალური დირექტორი.
Mercure არის Accor-ისა და მარდი ჰოლდინგის მიერ ერთობლივად განხორციელებული მესამე პროექტი: წინა წელს კომპანიებმა დააანონსეს ახალი სასტუმროების მშენენებლობა „Novotel Living" და „Handwritten" ბრენდების სახელით, რომლებიც ასევე განთავსდება ქალაქ ბათუმში.
„Accor-ის განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული ბრენდების სასტუმროების გახსნას განვითარებულ და პერსპექტიულ ქვეყნებსა და ქალაქებში ტურისტული თუ საქმიანი მომსახურების შეთავაზებით და რაც მთავარია, სანდო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს არა მხოლოდ ქალაქ თბილისში, სადაც ამჟამად წამორდგენილია Accor-ის ბრენდის ექვსი ყველაზე ცნობილი სასტუმრო, არამედ კახეთის რეგიონშიც, ბათუმსა და სხვა რეგიონებში. ჩვენი მიზანია განვახორციელოთ ბრენდის განვითარება მთლიანი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა Accor-ოს ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში პრემიუმ, საშუალო და ეკონომიური ბრენდების განვითარების მთავარმა ოფიცერმა ფილიპ ბიჟაუიმ.
სასტუმრო Mercure განთავსებული იქნება შავი ზღვის სანაპირო ზოლში, პლაჟიდან ფეხით სავალ მანძილზე. სასტუმრო განთავსდება ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან 5 წუთის სავალ მანძილზე, ხოლო ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალ მანძილზე, სადაც შეხვდებით სხვადასხვა ატრაქციონებს, ცნობილ და ტრენდულ რესტორნებს.
ახალი სასტუმრო ფართო და კომფორტულ 308 ნომერს გააერთიანებს, მათ შორის აპარტამენტებს სამზარეულოთი. მის ინფრასტრუქტურაში განთავსდება სამი გასტრონომიული რესტორანი ინსპირირებული მენიუებით, ორი ბარითა და BBQ სივრცით. სტუმრებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ სპა ცენტრით, სხეულის რელაქსაციისა და გონებრივი დასვენებისთვის საჭირო სერვისების მრავალფეროვანი სპექტრით, ასევე თანამედროვე ფიტნეს ცენტრით. გარე აქტივობები ხელმისაწვდომი იქნება მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ჩოგბურთი და კალათბურთი.
"Mercure-ის ბრენდის კონცეფციამ, "Locally Inspired", მაშინვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით გამოვყოთ ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც მოიცავს დიზაინერებისა და ტექნიკური სპეციალისტების მიერ გააზრებულად შექმნილ კომფორტულ ოთახებს, ადგილობრივი აღმოჩენების საინტერესო გამოცდილებას და ყველა თანამედროვე სასტუმროს მომსახურებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტის მეშვეობით ადამიანები შეიგრძნობენ რა ლამაზი და უნიკალურია საქართველო და ქართული სტუმართმოყვარეობა", - აღნიშნავს მარდი ჰოლდინგის გენერალური პარტნიორი ნუგზარ ბერიშვილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826