სავალუტო სესხის ზღვარი როგორც იპოთეკური მსესხებლების, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის მიზნით იზრდება - დავით უტიაშვილი
უცხოური ვალუტის სესხებთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და იმ მსესხებლების დამატებითი დაცვის მიზნით, რომლებსაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვთ, სავალუტო სესხის აღების ზღვარი 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გაიზრდება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავით უტიაშვილის თქმით, ცვლილება შეეხება როგორც იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
„ლარიზაციის ტენდენციებს სტაბილურად მზარდი მაჩვენებელი აქვს, თუმცა ვხედავთ, რომ უცხოური ვალუტის გარკვეულ სეგმენტებში სესხები კვლავ გაიცემა რისკებისგან დაუცველ მსესხებლებზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გავზარდოთ ზღვარი რისკებისგან დაუცველი მსესხებლებისთვის. ამით დამატებით დავიცავთ როგორც ამ სეგმენტში არსებულ იპოთეკურ მსესხებლებს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს", - განაცხადა დავით უტიაშვილმა.
მისივე განცხადებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე შეფასდა საბანკო სექტორის მდგომარეობა და კომიტეტის გადაწყვეტილებით კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელი დარჩა. მან ხაზი გაუსვა, რომ სექტორი მდგრადია, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა, საკრედიტო ზრდა კი თანაზომიერია ეკონომიკურ აქტივობასთან.
„საბანკო სექტორი არის მდგრადი, აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერი, აქტივების მაღალი ხარისხი და ჯანსაღი მომგებიანობა. საკრედიტო ზრდაც მეტ-ნაკლებად თანაზომიერია ეკონომიკური აქტივობის. შესაბამისად, კონტრციკლური ბუფერის ან სხვა ინსტრუმენტებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე არ ყოფილა", - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი კვლავ დააკვირდება დოლარიზაციის ტენდენციებს და იმედოვნებს, რომ ფინანსური დოლარიზაციის შემცირების პროცესი სტაბილურად გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826