საზღვაო გადაზიდვებში „ჯნს ჯორჯიას“ დომინანტური მდგომარეობა არ დადასტურდა - კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საზღვაო გადაზიდვების სექტორში წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ორი მიმართულებით - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.
სააგენტომ მოკვლევა - ,,MGL GEORGIA“-ს საჩივრის საფუძველზე, ,,ჯნს ჯორჯიას“ წინააღმდეგ, 2022 წელს დაიწყო. კერძოდ, მომჩივანი კომპანიის აზრით, შპს ,,ჯნს ჯორჯია“ როგორც ჩინეთში დაფუძნებული საზღვაო ხაზის Cosco Shipping Lines-ის ოფიციალური წარმომადგენელი - დომინანტურ მდგომარეობას იყენებდა ბოროტად, რითაც საზღვაო ხაზით სარგებლობის შესაძლებლობას ზღუდავდა. დავის საკითხი ასევე შეეხებოდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს, რაც რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატებოდა. მოკვლევის შედეგების მიხედვით, არც ერთი მუხლით არ დადასტურდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა.
სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სამეწარმეო რეესტრს მონაცემებით, შპს ჯნს ჯორჯია 2010 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 34%-ს ალექსანდრე ჩაჩანიძე ფლობს, ხოლო 66%-ს ჯ.ნ.ს ინვესტმენტს ლიმიტედი, რომელიც კვიპრესზეეა რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 4 საქმეს სწავლობს - ფარმაციის, სწრაფი კვების, თამბაქოს და ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის ბაზრების მიმართულებით. 2023 წელს უწყებამ 3 მოკვლევა დაასრულა, სადაც ორ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დადგინდა, ხოლო ერთ შემთხვევაში დადასტურდა შეთანხმებული ქმედება. ამავე პერიოდში, სააგენტომ 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826