სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, დაძაბულობის დღეებში უმნიშვნელო ინტერვენციები გახდა საჭირო, თუმცა როგორც კი პოლიტიკურად ვითარება დასტაბილურდა, ლარმაც გამყარება დაიწყო.
„რეალურად ამ დღეებში უმნიშვნელო ინტერვენციის, ჩარევის აუცილებლობა გახდა საჭირო. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. დეტალებზე თვითონ სებ-ის გაგცემთ პასუხს. სებ-ი ახერხებს ინტერვენციების გარეშეც ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფას და კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი სებ-ს ამისათვის. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, მაშინვე თვითონ დაიწყო ლარის კურსმა გამყარება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გვქონდა მცირე დევალვაცია, თუმცა მოვლენების დასტაბილურების პარალელურად ეროვნულმა ვალუტამაც გამყარება დაიწყო.
„იგივე ხდებოდა ლარის კუსთან დაკავშირებით. როდესაც ხდებოდა ეს ვითარება ლარის კურსიც გაუარესდა, გვქონდა მცირე დევალვაცია. თუმცა, როგორც კი დასტაბილურდა, მაშინვე დაიწყო ლარის კურსმა დასტაბილურება. იგივე მოხდება ყველა სხვა მიმართულებით. როგორც კი რადიკალური ოპოზიცია შეწყვეტს საბოტაჟს რასაც ის ახორციელებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყველაფერი დასტაბილურება. განსაკუთრებული შფოთვის საგანი არ გაქვს“, - აცხადებს კობახიძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826