სებ-ი ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტს აქვეყნებს
სებ-ის საზედამხედველო სტრატეგიის საფუძველზე, ასევე, კომერციული ბანკების მიერ კონტროლისა და მართვის სტანდარტების დახვეწის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი შეიმუშავა და საკონსულტაციოდ გამოაქვეყნა.
პროექტი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას (IAS 24, London listing Rules) და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორში გამოვლენილ ხარვეზების მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით არსებული რისკების მიტიგაციას.
ცვლილებები აწესრიგებს დებულების სხვადასხვა საკითხებს. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა დაკავშირებული მხარის განმარტებაში, რომელიც მოიცავს დაკავშირებულ პირთა სიაში იდენტიფიცირებისა და რიგ შემთხვევებში არსებულ დაკავშირებულ პირთა 12 თვის ვადით სიაში დატოვების შესახებ მოთხოვნას. ასევე, დებულებაში გაიწერა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები და ბანკს განესაზღვრა დაკავშირებულ პირებთან რისკის პოზიციის შექმნისთვის დასაშვები უზრუნველყოფის საშუალებების სია და აღნიშნული უზრუნველყოფის საშუალებების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება/დასაბუთების დოკუმენტირება.
პროექტზე მუშაობის პროცესში, ეროვნულ ბანკს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა კომერციულ ბანკებთან. პროექტის შესაბამისად, კომერციულ ბანკებს განესაზღვრებათ 6 თვიანი ვადა, პოლიტიკა/პროცედურების ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო გარკვეული მოთხოვნები ძალაში შედის ბრძანების ამოქმედებისთანავე.
ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების ცვლილებების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე - corporategovernance@nbg.gov.ge - მიმდინარე წლის 25 ივნისამდე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826