სებ-ი მორიგ დეზინფორმაციაზე: რეზერვების სტატისტიკა ქვეყნდება მაქსიმალური დეტალიზაციით და საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით
,,რეზერვების სტატისტიკა ქვეყნდება მაქსიმალური დეტალიზაციით, საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რიცხვი, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში განგვიცხადეს.
საკითხი რომან გოცირიძის მხრიდან ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების სტატისტიკის გამოქვეყნების დაუსაბუთებელ კრიტიკას ეხება, რომლის შესახებაც სებ-ს დავუკავშირდით. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
,,რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ვაცხადებთ, რომ ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა ძირითადად ეროვნული ბანკის სავალუტო შესყიდვებმა განაპირობა, რის შედეგადაც რეზერვები 124.5 მლნ დოლარით შეივსო. ზრდის მიმართულებით ასევე იმოქმედა მთავრობის მიერ მიღებულმა სავალუტო ჩარიცხვებმა. რეზერვების მოცულობა გაზარდა ასევე, დოლარიზაციის მატების გამო კომერციული ბანკების სარეზერვო ანგარიშებზე ნაშთების ზრდამ. თუმცა, ამავე დროს, რეზერვებზე კლების მიმართულებითაც იმოქმედა მთავრობის მიერ ვალის გადახდებმა, ოქროს ფასის ცვლილებამ და დოლარის გლობალური გამყარების გამო ევროს და სპეციალური ნასესხობის უფლებებში განთავსებული აქტივების ღირებულების გადაფასებამ.
ამ ფაქტორების ურთიერთქმედებამ განაპირობა სწორედ სარეზერვო აქტივების ზრდა 39 მლნ აშშ დოლარით. რაც შეეხება, რომან გოცირიძის კიდევ ერთ ბრალდებას, რეზერვების სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ სტატისტიკა ქვეყნდება მაქსიმალური დეტალიზაციით, საერთაშორისოდ აღიარებული ფორმით და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რიცხვი, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია.
რომან გოცირიძის მხრიდან მსგავსი დეზინფორმაციის გამოქვეყნება (უკვე მერამდენედ) მიზნად ისახავს პოლიტიკურ სპეკულაციას, მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის და ეროვნული ბანკის დისკრედიტაციის მცდელობას“, - განგვიცხადეს სებ-ში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826