მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სებ-ი ციფრული ლარის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესწავლას ფრთხილად და ეტაპობრივად დაიწყებს, ის ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს, მის საყოველთაო დანერგვას არ ვგეგმავთ | ნათია თურნავა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე და მომდევნო წლებშიც ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და დანერგვას არ გეგმავს. ამასთან, ციფრული ლარი ნაღდ ფულს არ ჩაანაცვლებს და მისი არსებობა ნაღდ ფულთან ერთად იქნება შესაძლებელი. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეზღუდულ ფარგლებში, საპილოტე რეჟიმში შესწავლის შესაძლებლობას აძლევს.

ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, არ ჩამორჩეს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების პროცესს, შეისწავლოს მათი პოტენციური სარგებელი და გამოწვევები. ამასთან, ხელი შეუწყოს საქართველოს საგადახდო სისტემების განვითარებას.

„ამ ეტაპზე და მომავალ წლებშიც, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებასა და შემოღებას. განსაკუთრებით არ იგეგმება ე.წ. საცალო ციფრული ლარის, ანუ მოსახლეობის ხელთ არსებული ციფრული ლარის ფართო შემოღება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ტექნოლოგიურად არ ჩამოვრჩეთ წამყვან ქვეყნებს", – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ციფრული ლარის შესაძლო გამოყენების შესწავლა ეტაპობრივად, შეზღუდული საპილოტე პროექტების ფარგლებში განხორციელდება. ამასთან, ციფრული ლარი არ ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს, რაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონითაც არის გარანტირებული. კერძოდ, კანონით უზრუნველყოფილია ბანკნოტის, როგორც ფულის მატერიალური გამოხატულების არსებობა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო გამოცდილებაზეც და აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების (CBDC) განვითარებისა და ტესტირების მიმართულებით პროექტები მიმდინარეობს შვეიცარიაში, ევროზონაში, სინგაპურში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ინდოეთში, თურქეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ცენტრალურ ბანკთან და მზად არის, ციფრული ვალუტის განვითარების მიმართულებით მისი გამოცდილება გაიზიაროს. მისი თქმით, წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ამ ტექნოლოგიების შესწავლით არიან დაინტერესებული, რათა ფინანსური და საგადახდო სისტემების განვითარების პროცესში ტექნოლოგიური უპირატესობა შეინარჩუნონ.

ციფრული ვალუტების გამოყენების შესაძლებლობებზე ნათია თურნავამ რეგიონული ვაჭრობისა და ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების კონტექსტშიც ისაუბრა. მისი განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკაში უკვე დანერგილია პროექტები, რომლებიც ცენტრალურ და კომერციულ ბანკებს შორის ციფრული ვალუტების პირდაპირ გაცვლას ითვალისწინებს. მსგავსი მექანიზმების მიზანია ანგარიშსწორების დაჩქარება, შუამავლების რაოდენობის შემცირება და ტრანზაქციების ხარჯების ოპტიმიზაცია.

„საგარეო ვაჭრობა ძლიერდება, განსაკუთრებით რეგიონული ვაჭრობა და კავშირები. ჩვენც უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. რაც უფრო მარტივი და სწრაფია პროცესი, ნაკლებ შუამავალს გულისხმობს, უფრო იაფი და ხელმისაწვდომია - ეს არის ამის მიმზიდველობა. რამდენად იქნება ეს ეფექტური და მიმზიდველი საქართველოს ჩართულობით და ლარის გამოყენებით, ამ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ციფრული ვალუტების ტექნოლოგიების პოტენციური გამოყენება განსაკუთრებით საინტერესოა რეგიონული ეკონომიკური კავშირებისა და ვაჭრობის გააქტიურების ფონზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ეფექტიანი იქნება მსგავსი ანგარიშსწორების მექანიზმები საქართველოსთვის და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას ლარის გამოყენებით საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის.

მისივე თქმით, საქართველოს მიზანია, ფინანსური და საგადახდო ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად დარჩეს. სწორედ ამიტომ, ეროვნული ბანკი ციფრული ლარის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ფრთხილად და ეტაპობრივად შეისწავლის, თუმცა ამ პროცესის დაწყება არ ნიშნავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვების ან ნაღდი ფულის ჩანაცვლების გადაწყვეტილებას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა