სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ბექა დოჭვირი დაინიშნა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სებ-ის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი იქნება. ის, ამ დრომდე სებ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ბექა დოჭვირი პროფესიით იურისტია, 2021-2023 წლებში მუშაობდა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. 2019-2021 წლებში იყო საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. იყო ეკონომიკური საბჭოს აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი, მუშაობდა ბიზნესომბუდსმენის აპარატში ექსპერტის პოზიციაზე სამართლებრივ საკითხებში. კარიერის დასაწყისში, 2009-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრისა და მედიაცენტრის იურისტი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრეზიდენტმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. სებ-ის საბჭოს ახლად არჩეულმა წევრმა ნინო ჯელაძემ კი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826