სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა | დავით რუსია
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების თაობაზე, პრაქტიკულად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ სებ-ის დღევანდელი, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
,,უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და ზრუნვით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით. ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და არაერთი მარეგულირებელი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს ამას. თუ ჩვენ ამ პროცესს ეროვნული ბანკის თვალთახედვით შევხედავთ, შესაძლებელია, ეს იყოს ნაკარნახევი რამდენიმე მოლოდინით. პირველი ალბათ იქნება მოლოდინი, რომ ოჯახების გადაჭარბებული დავალიანება შემცირდება, რადგან თუ 2025 წლის ანგარიშში, შინამეურნეობების ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯით ალბათ შეეცდება, რომ გარკვეულწილად ეს მაჩვენებელი შეამციროს. მეორე - ეს იქნება ეკონომიკური არასტაბილურობის შემთხვევაში ცუდი სესხების მომავალი ზრდის პრევენციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ ვიცით, რომ სესხი გარკვეულწილად შემოსავალს აღნიშნავს და იგივე გადაითარგმნება გადახდის შესაძლებლობების ზრდაში. თუმცა, თუ სებ-ი თვლის უარეს ვარიანტებს და ყოველთვის უნდა თვლიდეს ამას, შესაძლებელია, ასეთი გათვლა გააკეთოს, რომ თუ უმუშევრობა გაიზარდა, შეიძლება შემოსავლები შემცირდეს, ხოლო მაღალი PTI-ს შემთხვევაში ეს მოქმედ სესხში გადაიზარდოს”, - აცხადებს დავით რუსია. მისივე შეფასებით, სების მაკროპრუდენციული რეგულაციის მიზანი, ხშირად არის პრობლემამდე შექმნის რისკის შემცირება.
,,კიდევ ერთი ფაქტორი, ალბათ, ფინანსურ სტაბილურობაზე გარკვეული ზრუნვაა, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საბანკო სექტორმა მიიღოს, გარკვეულწილად, საკრედიტო პორტფელის ზრდის მცირედი შემცირება, რაც ასევე გადაითარგმნება შინამეურნეობების დატვირთვის შემცირებაში”, - აღნიშნა დავით რუსიამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826