სებ-ის გონივრული ინტერვენციებისა და ნავთობზე მსოფლიო ფასის შედეგად, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციაა ბენზინის ფასთან მიმართებით - ირაკლი ლექვინაძე
ნავთობპროდუტების სადისტრიბუციო მცირე ქსელებში, რომელიც მთელი ბაზრის 40%-ია, მსხვილ ქსელებთან მიმართებაში, 30-35 თეთრიანი სხვაობაა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
როგორც ლექვინაძემ განმარტა, ქვეყანაში საწვავის მოხმარების ზრდის პარალელურად, მცირე ქსელებში ფასების კლება უკვე შეინიშნება.
„რამდენიმე ტენდენციას გავუსვამ ხაზს, წელს მოხმარება საწვავის მიმართულებით არის გაზრდილი. რეგულარი არის ყველაზე მოთხოვნადი საწვავი. მთელი წლის ჭრილს თუ შევხედავთ რუსეთთან იმპორტი არის შემცირებული, იმიტომ, რომ ის უპირატესობა, რაც წინა წლებში იყო უკვე აღარ არის. გაზრდილია იმპორტი ბულგარეთიდან, სტაბილურია რუმინეთიდან და შემოდის ახალი ქვეყანა, ეს არის თურქეთი რომელიც ამ ოთხეულს ასრულებს. ანუ თურქეთიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საწვავის იმპორტი.
მცირე ქსელებში, რომელიც მთელი ბაზრის 40%-ია, 30-35 თეთრიანი სხვაობაა მსხვილ ქსელებთან მიმართებით. თუმცა თუ ჩვენ ვნახავთ ზოგიერთ ქსელს, არ მინდა კონკრეტული კომპანია დავასახელო, მათაც საკმაოდ კონკურენტული ფასი აქვთ ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით თუ სააქციო დღეებში შევხედავთ თითქმის უტოლდება მცირე ქსელებში დაფიქსირებულ ფასებს.
ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომ არის ორი მთავარი ფაქტორი მსოფლიო ფასი ბოლო პერიოდში საკმაოდ სტაბილურია, განსაკუთრებით ამერიკაში არჩევნების შემდეგ დაახლოებით 70 დოლარიანი მაჩვენებლის ფარგლებშია და თუ Fitch-ის პროგნოზს დავუჯერებთ მომავალ წელსაც მოლოდინები საკმაოდ პოზიტიურია, რომ არა თუ არ გაიზრდება, არამედ შესაძლოა, 10-15%-იანი კლებაც კი დაფიქსირდეს. ეს უკავშირდება ალბათ იმ პოლიტიკას, რასაც ახალი ადმინისტრაცია გაატარებს.
მეორე ფაქტორია ადგილობრივი ვალუტის კურსი. მიუხედავად რთული პერიოდებისა აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ კურსი სტაბილურია. და უნდა აღვნიშნოთ სებ-ის გონივრული ინტერვენციების პოლიტიკა, იმიტომ, რომ მან ის მოკლევადიანო შოკები, რომლებიც ამ პროცესების გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდია აბსოლუტურად წარმატებით იყო განეიტრალებული. დღეს ჩვენ გაქვს სტაბილური კურსი. ამ ორი ფაქტორის ჯამის შედეგად გვაქვს საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ბენზინის ფასთან მიმართებაში. ბოლო ანალიზის საფუძველზე, თუ ეს პირობები იქნება შენარჩუნებული, იმ ფონზე, რომ მოხმარებაც მცირედით არის გაზრდილი, მაგრამ ის მაინც სტაბილურია. უნდა ველოდოთ გარკვეულწილად კლების მიმართულებითაც გარკვეულ ნაბიჯებს“, - განაცხადა ლექვინაძემ.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Fitch-ი აკეთებს დამაიმედებელ პროგნოზებს, მსოფლიოში ბევრი პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპისთვის ასეთი მოვლენების ერთობლიობაა.
„რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ ფასებს, განსხვავებულ აქციებს სხვადასხვა ქსელებთან მიმართებაში, მნიშვნელოვან კონკურენციას და ზეწოლას ამ კუთხით მცირე ქსელებიც ახდენს. მონიტორინგი ჩვენი უწყების მიერ მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ეს ასახულია კვარტალურ ანგარიშებში. ის მომავალ წელსაც გაგრძელდება, რომ ფასნამატები, კომპანიებს შორის კონკურენციის პროცესი ჩვენს მიერ იყოს სწორად დანახული და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ რასაც ვაკეთებთ არის კითხვები კომპანიებთან თუ რას უკავშირდება ესა თუ ის ცვლილება. და განმარტებების შესაბამისად ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ამიტომ ამ კუთხით დღეს ჩვენ გაქვს სტაბილური ვითარება. დაველოდოთ მომავალ წელს, გარე ფაქტორებზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ასევე მნიშვნელოვანია კურსის ეფექტი და ბოლო პერიოდმაც გვანახა, რომ გონივრული ინტერვენციების შედეგად საკმაოდ მართული პროცესი გაქვს“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826