სებ-ის კიდევ ერთი ნაბიჯი ღია ფინანსების ეკოსისტემის განვითარებისკენ
საქართველოს ეროვნული ბანკი ღია ბანკინგის/ფინანსების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, ახალი API (Application Programming Interface) სერვისები ამოქმედდა. აღნიშნული გააუმჯობესებს ფინანსურ მომსახურებას და გაზრდის მომხმარებელთა ხელმისაწვდომობას სხვადასხვა სახის ფინანსურ პროდუქტებზე.
არსებული სერვისების გარდა, დამატებით ხელმისაწვდომი გახდა ახალი ტიპის API სერვისები:
ახალი API სერვისები საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით ხორციელდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის მოდერნიზაციაში, მათ შორის, კონკურენტუნარიანობისა და გამჭირვალობის გაზრდაში. გარდა ამისა, ახალი API სერვისების დანერგვა ასევე ხელს შეუწყობს განსხვავებული ბიზნეს მოდელების შექმნას.
ღია ბანკინგი ქმნის ტექნოლოგიურ ჩარჩოს, რომელიც ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ფინტექ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელთა თანხმობით, უსაფრთხო და სტანდარტიზებული არხებით გაცვალონ თავიანთი ფინანსური მონაცემები და სახსრები სხვადასხვა მიზნობრიობით. ახალი API სერვისები მნიშვნელოვნად დააჩქარებს ამ პროცესს, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ფინანსური ტექნოლოგიების სექტორის განვითარებასა და მრავალფეროვანი ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე.
აღსანიშნავია, რომ დეპოზიტებზე ინფორმაციის გაზიარების API ევროპულ ქვეყნებში უკვე მრავალმილიარდიანი ბიზნესის შექმნის საფუძველი გახდა. თუ ერთ-ერთი გერმანული ფინტექ კომპანიის გამოცდილებას გადავხედავთ, API-ს გამოყენებით მესამე მხარის პროვაიდერს შეუძლია მომხმარებელს სხვადასხვა ბანკში საუკეთესო საპროცენტო განაკვეთის მისაღებად დეპოზიტების განთავსება შესთავაზოს. მათ შექმნეს დეპოზიტების „ციფრული სავაჭრო პლატფორმა“, სადაც მომხმარებლები ერთ სივრცეში მართავენ თავიანთ დანაზოგებს სხვადასხვა ევროპულ ბანკში. დღეს კომპანია 30-ზე მეტ ქვეყანაში 400-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. იგი ქმნის ინდუსტრიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფინანსურ სისტემას უფრო გამჭირვალეს და ეფექტურს ხდის. წარმატებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ღია API-ების დანერგვა ხელს უწყობს ახალი ბიზნეს მოდელების განვითარებას, ბაზრის დემოკრატიზაციასა და მომხმარებლებისთვის საუკეთესო ფინანსური სერვისების შეთავაზებას.
ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისი მუდმივად მზად არის დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს. კითხვების ან ინტერესის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: innovationoffice@nbg.gov.ge
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826