სები ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების პროექტს აქვეყნებს
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანაა. სებ-ი მუდმივად ცდილობს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, იცვლება მარეგულირებელი მოთხოვნები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს ეფუძნება და, ამავდროულად, სექტორში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. პროექტით მათ შორის გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
პროექტი გამოქვეყნებულია დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით. შემოთავაზებების, შენიშვნების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია cp@nbg.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 2023 წლის 15 სექტემბრამდე. პროექტი საბოლოო სახით დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების შეჯერებისა და მათთან განხილვების შედეგად ჩამოყალიბდება და დამტკიცდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826