სექტემბერში თბილისში 274.6 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & Taggart
2024 წლის სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1,803 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.3%-იანი, ხოლო თვიურად 13.8%-იანი ზრდაა და მოთხოვნის ეტაპობრივ აღდგენას ასახავს. როგორც Galt & Taggart „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში“ აღნიშნავს, ჯამურად 2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 14,883 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.9%-იანი კლებაა და ზაფხულის პერიოდში შემცირებულ გაყიდვებს ასახავს.
2024 წლის სექტემბერში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ზოგიერთ რაიონში (მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო და ისანი) ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა. ამის მიზეზი არის პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობა, ბინის ჩაბარების კონდინცია და დეველოპერის რეპუტაცია.
2024 წლის სექტემბერში თბილისში 274.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 16.5%-იანი და თვიურად 12.1%-იანი ზრდაა და ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობის შედეგია. ჯამურად 2024 წლის პირველ 9 თვეში 2,228 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+2.7% წ/წ).
სექტემბერში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი უცვლელი დარჩა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826