სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა
2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (9.0 პროცენტი), საშუალო განათლების (4.8 პროცენტი) და უმაღლესი განათლების (2.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (6.1 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (2.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-8.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.6 პროცენტი), თევზეული (-0.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი);
ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.2 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე 0.25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826