სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული პროცესი გულისხმობს სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ გამანაწილებელი ქსელების ადგილზე შემოწმებას და მდგომარეობის შეფასებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიებს გამოსასწორებელი ვადები დაუწესდებათ, რომელთა შესრულება სავალდებულო იქნება.
სემეკი, გამანაწილებელი კომპანიების მიერ შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შეფასების დროს ეყრდნობოდა დამოუკიდებელი ინსპექტირების აკრედიტებული კომპანიების აუდიტს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ აუდიტი არ აღწერდა რეალურ სურათს და მოიცავდა უხეშ უზუსტობებს, არ ასახავდა კონკრეტულ ობიექტზე არსებულ ხარვეზებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი. აღნიშნული აკრედიტებული დამოუკიდებელი ინსპექტირების კომპანიის შესახებ სემეკმა მიმართა აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც ინსპექტირების კომპანიას აკრედიტაცია მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან შეუჩერდა.
სემეკი მუდმივ მონიტორინგს უწევს რეგულირებად სექტორებში სამშენებლო, სარემონტო თუ სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაბამისობას მოქმედ სტანდარტებთან, რომელიც დამტკიცებული/აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ. სემეკის მიერ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირება კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს გამანაწილებელი ქსელების სარეაბილიტაციო პროცესსა და სამუშაოების დროულ, ხარისხიან შესრულებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826