სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. ხარისხისმენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე.
ISO 9001:2015 - ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომლის ძირითადი პრინციპებია მომხმარებელზე ორიენტაცია, მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, პროცესუალური მიდგომების დახვეწა, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატის მისაღებად შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ინიციატივითა და კომისიის წევრთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა.
„სასიხარულოა, რომ სემეკს უკვე მეორედ მიენიჭა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც წარმოადგენს კიდევ ერთ დასტურს იმისას, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სემეკი დღეისთვის მსოფლიო მარეგულირებელ უწყებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა, რასაც მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სემეკისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, 2026 წელს საქართველოში უმასპინძლოს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს. ჩემი და ჩემი გუნდის ამოცანაა, განვაგრძოთ განვითარება და ყოველწლიურად დავხვეწოთ სემეკის საქმიანობის ხარისხი“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი სემეკს პირველად 2020 წელს მიენიჭა. საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სემეკი ხარისხის მართვის საკონტროლო აუდიტს ყოველწლიურად ატარებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826