სემეკმა სსე-ს, ენერგეტიკული ბირჟისა და ესკოს ანგარიშები მოისმინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის ანგარიში ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების მიზნით განსახორციელებელი საქმიანობის შესრულების შესახებ. წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, ბაზრის ამოქმედების უზრუნველსაყოფად კვლავ განისაზღვრა რიგი ღონისძიებების შესრულებისა და დასრულების აუცილებლობა.
საბითუმო ორგანიზებული ბაზრების დროულად გახსნის უზრუნველსაყოფად, სემეკმა 2021 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელზე გადასასვლელად კომპანიების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ნუსხა. ასევე, განისაზღვრა განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შესახებ სემეკში ყოველთვიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება. მოსმენილი ანგარიშების საფუძველზე, სემეკმა მიზანშეწონილად ჩათვალა კვლავ ჩაეტარებინა საჯარო მოსმენა ელექტროენერგიის ბაზრების ამოქმედების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826