სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს “Energy Globe”-ის ჯილდო გადაეცა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დაჯილდოვდა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს „Energy Globe”-ის ჯილდო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერილი პროექტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ“ წარმატებით განხორციელებისთვის გადაეცა.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში განხორციელებული პროექტის - „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ“ მიზანს წარმოადგენდა სასმელი წყლის ხარისხისა და წყლის, როგორც ენერგიის წყაროს საკითხებზე რეგიონებში მოსწავლე-ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, მათი დაინტერესება ენერგოეფექტიანობისა და ენერგიის დაზოგვის თემებით, წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის გაძლიერება, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელობის და მისი მახასიათებლების, წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგების გარდა, პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა და ენერგეტიკოსის, როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. პროექტი საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მასში 400 მოსწავლე მონაწილეობდა.
დაჯილდოების ცერემონიალი ავსტრიის საელჩოს კომერციულ ოფისში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა, მარიამ იოსელიანმა და თემურ თორდინავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826