შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველ ივლისამდე დარჩება
შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება. როგორც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებიდან ირკვევა, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას (სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის შემთხვევებში) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.
გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები.
ირკვევა, რომ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზე, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე. საზღვაო გზით ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საბაჟო ორგანოს წარედგინება:
ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან
ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შაქრის გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826