შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით - მარიამ ქვრივიშვილი
„საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
შანხაიში მიმდინარე „ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებს.
„ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც ადგილობრივ, ისევე როგორც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და როგორ ხდება მისი გამოყენება, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკაში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შანხაიში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაში".
„სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826