შანხაისთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ქვეყნებს შორის გამყარდეს როგორც ბიზნეს ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები - თამარ იოსელიანი
შანხაი ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი. მისი განმარტებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი და მიღებულია გადაწყვეტილება ახალი მიმართულების დამატებასთან დაკავშირებით.
„მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ავიაკომპანია China Eastern-ი შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეგულარულ ფრენებს. შანხაის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, მასთან დაკავშირება მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტული ნაკადები", - განმარტავს მინისტრის მოადგილე.
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ავიაკომპანია China Eastern-სთან უკვე მიმდინარეობს მუშაობა ახალი მიმართულებების დამატებაზე.
„China Eastern-ი წარმოადგენს ახალ ავიაკომპანიას, რომელიც შემოდის საქართველოს ბაზარზე. აღნიშნულ ავიაკომპანიასთან დამატებითი მიმართულებებზე ვმუშაობთ. 2026 წლის პირველი კვარტალში ჩინეთთან მგზავრთნაკადი წარმატებული იყო და ზრდამ დაახლოებით 40%-ი შეადგინა. დარწმუნებული ვარ, რომ ზრდის ტენდენციას შევინარჩუნებთ", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
საერთაშორისო რეზერვების მკვეთრი ზრდა განაპირობა დეპოზიტების დედოლარიზაციამ და სავალუტო შემოდინებების ზრდამ, რასაც ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მაღალმა მოცულობამ - აღნიშნულმა სებ-ს უცხოური ვალუტის შესყიდვების გააქტიურების შესაძლებლობა მისცა | ევროკომისიის ანგარიში
05.11.2026.14:29
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2026 წლის კომუნიკაციის თანმხლები დოკუმენტი - „საქართველოს 2026 წლის ანგარიში“ (Georgia 2026 Report) გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა, ფინანსური სექტორის რეგულირების საკითხები, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და საბანკო სექტორში არსებული ვითარებაა შეფასებული. ანგარიშში საუბარია - საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა და დამოუკიდებლობაზე, ფინანსური მომსახურების სფეროში პროგრესზე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასა და ახალი რეგულაციებზე, საქართველოს საბანკო სექტორის ტენდენციებზე:
• საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, რაც შეესაბამება ევროკავშირის მონეტარული პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს. 2026 წლის მარტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციების შესაბამისად, მიღებულ იქნა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ითვალისწინებს უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის. ასევე, ხელახლა განისაზღვრა ზედამხედველობის შესაბამისი სფეროები და გაუმჯობესდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურები. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად საჭიროა შემდგომი პროგრესი საბჭოს წევრების საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გაუმჯობესებისა და გადაწყვეტილებების მიღების კოლეგიალური მოდელის დანერგვის მიმართულებით.
• საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ უფრო გააღრმავა ანგარიშგების სისტემების ინტეგრაცია ევროპოლის ევროს გაყალბებასთან ბრძოლის ცენტრალურ ოფისთან და შემოიღო ახალი რეგულაციები სტეიბლკოინებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებისთვის, რათა ისინი შესაბამისობაში მოეყვანა კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ ევროკავშირის 2023/1114 რეგულაციით დადგენილ შესაბამის წესებთან.
• საქართველოს საბანკო სექტორი კვლავ მდგრადია, თუმცა სავალუტო რისკების მიმართ მოწყვლადობა გამოწვევად რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში საბანკო სისტემის კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 22.2%-ს შეადგენდა. ბანკების უმეტესობა კვლავ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების (ROE) აგრეგირებულმა მაჩვენებელმა 21.9%-ს მიაღწია. მთლიანად სექტორის აქტივების ხარისხი კვლავ მაღალია, ხოლო უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა და დაბალ, 2.6%-იან დონეზე შენარჩუნდა. როგორც აქტივების, ისე ვალდებულებების მაღალი დოლარიზაცია საბანკო სისტემის სტრუქტურულ სისუსტედ რჩება, თუმცა ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით ბანკებს უცხოურ ვალუტაში საკმარისი ბუფერები აქვთ. საანგარიშო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების წილი ძირითადად სტაბილური იყო და 2026 წლის აპრილში 39.4%-ს შეადგენდა. დეპოზიტების დოლარიზაციის დონე სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა ბოლო 12 თვის განმავლობაში 3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 48.6% შეადგინა. 2026 წლის აპრილში საკრედიტო ზრდა კვლავ მაღალი, 13.6% იყო, ამასთან, შინამეურნეობების დაკრედიტების ზრდა კორპორაციული სესხების ზრდას აღემატებოდა. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე ბიზნესისთვის კვლავ გამოწვევად აღიქმება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მდგომარეობა გაუმჯობესდა.