შავი ზღვის კაბელით საქართველოს საშუალება ექნება დაუკავშირდეს ევროკავშირს და წვდომა ჰქონდეს მნიშვნელოვან ენერგობაზარზე - ლევან დავითაშვილი
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე" გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მე-7 მინისტერიალი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და შეთანხმების ფარგლებში ინიცირებული „მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის, პროექტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მინისტერიალზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები. მონაწილეების მხრიდან კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი პროექტის მნიშვნელობაზე, როგორც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის რეგიონის, ისე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ ეს არის დამატებითი ენერგოუსაფრთხოება ევროპისთვის და, ამავე დროს, ძალიან დიდი შესაძლებლობები როგორც საქართველოს, ისე პროექტის მონაწილე სხვა სახელმწიფოების ენერგოსისტემებისთვის.
„ამ მნიშვნელოვანი პროექტით საქართველოს საშუალება აქვს, ეფექტური გზით დაუკავშირდეს ევროკავშირს და წვდომა ჰქონდეს მნიშვნელოვან ენერგობაზარზე. ასევე, ჩვენს ქვეყანას საშუალება აქვს, მნიშვნელოვანი სატრანზიტო როლი შეასრულოს და კასპიის ზღვის განახლებადი ენერგიების მიწოდების გზით ევროპას ახალი, განახლებადი ენერგიებით უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მინისტერიალის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან - ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვთან. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორივე ქვეყნისთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის და მისი განხორციელების პროცესში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე ისაუბრეს ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების და მისი ადგილმდებარეობის საკითხზე - ამ ეტაპზე რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი განიხილება. აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე მინისტერიალის მიმდინარეობისასაც იმსჯელეს.
მინისტერიალის მონაწილეები ასევე გაეცნენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პირველად შედეგებს, მის მიმდინარეობას და შესაბამის პრეზენტაციას, რომელიც კონტრაქტორი კომპანია CESI - ის წარმომადგენელმა გააკეთა. გარდა ამისა, მოხსენებები გააკეთეს პროექტში ჩართული სახელმწიფოების ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა, ასევე რუმინეთის „ტრანსელექტრიკის", „აზერენერჯის", უნგრეთის ენერგეტიკული კომპანიის MVM - ის ხელმძღვანელმა პირებმა.
მინისტერიალი სპეციალური ოქმის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც ყურადღება გამახვილდა პროექტის შემდგომი განვითარების ეტაპებზე. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო შეხვედრა უკვე ბუქარესტში შედგება და სწორედ მის ფარგლებში დაფუძნდება ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმო, რომელიც პროექტის იმპლემენტაციაზე იმუშავებს.
„ვფიქრობ, რომ ეს პროექტი, რომელიც წელიწადნახევრის წინ ბუქარესტში დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826