შეგვიძლია ყულევის პორტიც გავაფართოოთ, რაც გაალიერებს ჩვენს თანამშრომლობას - ილჰამ ალიევი
ლჰამ ალიევი - გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ
ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, რომ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებების მხრივ დიდი გეგმები გვაქვს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ყველაფერი კეთდება, რათა სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
„უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები, მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში უშველებელი მნიშვნელობის არის, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრო-აზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ამას მოვახერხებთ" , - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826