შეხვედრები გვქონდა EBRD-თან, MASDAR-თან, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან პროექტებით არიან დაინტერესებული - ლევან დავითაშვილი
მსოფლიო მთავრობათა სამიტი დუბაიში არის ყოველწლიური უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევხვდეთ ძალიან ბევრი მთავრობების წარმომადგენლებს, ასევე ბიზნეს ლიდერებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის პლატფორმა, სადაც ხდება ძალიან საინტერესო ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
„ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ გვქონოდა შეხვედრები არაერთ სამთავრობო დელეგაციასთან და ასევე მნიშვნელოვან ბიზნესჯგუფებთან, რომლებიც საქართველოთი არიან დაინტერესებული, მათ შორის არაფორმალური შეხვედრები გვქონდა EBRD-თან, გვქონდა MASDAR-თან, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიებიდან პროექტებით არის დაინტერესებული. ეს არის საემიროების ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია და ვფიქრობთ, რომ ეს განახლება ინფორმაციის ყოველთვის სასარგებლოა მიმდინარე და პერსპექტიული პროექტების წარმატებით განსახორციელებლად", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერის გამოსვლა, სადაც მან საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ძალიან საინტერესოდ გააცნო იმ აუდიტორიას, რომელიც ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.
„ეს არის აუდიტორია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებით. ბიზნესის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და ლიდერები ისმენდნენ საქართველოს შესახებ ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით და იმ მიზიდულობის შესახებ, რომელიც საქართველოს საინვესტიციო და ეკონომიკური თვალსაზრისით გააჩნია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სასარგებლო იქნება იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ჩვენ ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე უკეთესი პოზიციონირება გვქონდეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი უწყობდეს ხელს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ასევე ინვესტიციებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826