შესაბამისი დამცავი მექანიზმებისა და ჩარჩოს გარეშე, ხელოვნური ინტელექტის რისკებმა შესაძლოა მის შესაძლებლობებს გადააჭარბოს - IMF-ის ხელმძღვანელი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის, კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმები და ეთიკური ჩარჩო არ შეიქმნება, ტექნოლოგიასთან დაკავშირებულმა რისკებმა შესაძლოა მისგან მიღებულ შესაძლებლობებს გადააჭარბოს. პარასკევს გეორგიევამ მხარი დაუჭირა მიდგომას, რომელიც ინდუსტრიის თვითრეგულირებასა და წამყვანი ქვეყნების მთავრობების მონაწილეობას აერთიანებს.
ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებზე, რომლებიც ბანგკოკში გაიმართა. სამშაბათს IMF-მა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვან რისკებზე, რომლებიც შესაძლოა ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების ბუმის დასრულებამ, ვალის მაღალმა დონემ და ახლო აღმოსავლეთში გახანგრძლივებულმა ომმა გამოიწვიოს.
„თუ შესაბამისი დამცავი მექანიზმები არ იარსებებს, რისკებმა შესაძლოა შესაძლებლობებს გადააჭარბოს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება ეთიკური საფუძველი და დარწმუნებული არ ვარ, რომ საზოგადოებას ეს საფუძველი უკვე ჩამოყალიბებული აქვს“, - განაცხადა გეორგიევამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826