შესაძლოა, ავტომობილების ტექინსპექტირება გაძვირდეს
შესაძლოა, ავტომობილების ტექინსპექტირება გაძვირდეს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა განუცხადა.
„საუბარია, რომ მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში ტექმომსახურების ტარიფი 30 ლარით ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში სავარაუდოდ 30-50 ლარის ფარგლებში. ამ მიმართულებით, გარკვეული კონსულტაციები დავიწყეთ ეკონომიკის სამინისტროსთან. თუმცა როდიდან შევა ძალაში, ამის თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ამ საკითხის განხილვების კუთხით უფრო აქტიურ ფაზაში გადავალთ“,- ამბობს გიორგი შიოლაშვილი.
რაც შეეხება ტექინსპექტირების სტატისტიკას, ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2024 წლის ოთხი თვის მონაცემებით, დაახლოებით 10-დან 15%-იანი ზრდაა პირველად ინსპექტირების კუთხით, ხოლო მეორად ინსპექტირებაზე მიმართვიანობამ დაიკლო.
„მას შემდეგ, რაც მეორადი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა, მობილიზებული არიან მძღოლები. სადღაც 30%-35% იყო დახარვეზება და ახლა დაახლოებით 20- 25%-ის ფარგლებში მერყეობს“, - ამბობს გიორგი შიოლაშვილი.
ტექინსპექტირების ტარიფი დადგენილია სახელმწიფოს მიერ და ნებისმიერ ინსპექტირების ცენტრში ფასები ერთნაირია. ტექნიკური ინსპექტირების ღირებულება განსხვავდება მხოლოდ ავტომობილის ტიპის მიხედვით
2024 წელს მსუბუქი ავტომობილის ტექდათვალიერების ფასი 60 ლარია, ელქტრომობილის კი 48 ლარი. განმეორებითი ტექინსპექტირება შესაბამისად 30 და 20 ლარი.
პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1-ელი ივლისიდან – სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1-ელი ოქტომბრიდან – 3.000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.
2023 წლის 1-ლი თებერვლიდან განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი გახდა
ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმა 50 ლარია, რომელიც თვეში ერთხელ არის გადასახდელი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826