შესაძლოა, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი გაფართოვდეს - გოგა მელიქიძე
2023 წელი ემისიების მხრივ მრავალფეროვანი იქნება და ბაზარზე საპენსიო ფონდისთვის საინტერესო შეთავაზებებიც გამოჩნდება, - ამის შესახებ Business Insider Georgia-თან საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა.
„ბროკერებისგან გაქვს ინფორმაცია, რომ ზოგადად კომპანიები აპირებენ გააქტიურებას და შესაძლოა, წელს უფრო კარგი ემისიების ბაზარი იყოს ვიდრე 2022 წელს იყო. ჩვენი აზრით უფრო მეტი საშუალება გვექნება საინვესტიციოდ. შესაძლოა, უმეტეს ემისიებს ის საკრედიტო რეიტინგი არ ჰქონდეს, რომელიც გვინდა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შარშანდელთან შედარებით წელს უკეთესი ვითარება იქნება“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი აცხადებს, რომ სააგენტოსთვის ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი პრიორიტეტულია.
„მცირე ბაზარია და საინტერესო. გასულ წელს იყო გარკვეული აქტიურობა რამდენიმე ემისიაზე და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს უფრო მეტი ემისია იქნება. ბოლო ინვესტიციები, რომელიც მაგ მიმართულებით განვახორციელეთ იყო „ნიკორას“ და „თიბისი ლიზინგის“ ობლიგაციები. ემისიები საკმაოდ კარგ 14.6%-სა და14%-ში განვახორციელეთ. ორივე ინვესტიცია მიბმულია ფინანსირების განაკვეთზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია ასევე გლობალური აქციების ბაზრები. გლობალურ აქციებში ჩვენ პორტფელი შეადგენს 20%-ს. ეს ლიმიტი კანონითაა დაწესებული და ამ ბაზარზე მეტი წილით ვერ შევალთ. უცხოეთში ინვესტიციების ნახევარზე მეტი აქციებშია ინვესტირებული, ხოლო დანარჩენი ამერიკულ სახაზინო ვალდებულებებში საკმაოდ კარგ პროცენტში“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.
რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებებს, საპენსიო სააგენტოს უკვე 500 მლნ ლარი აქვს ნაყიდი, თუმცა 2023 წელს ამ მიმართულებით აქტიურობას არ გეგმავენ. „მაგ ნაწილში ნაკლებად ვიქნებით აგრესიულები. რადგან საქართველოს სახაზინო ვალდებულებების მომგებიანობა 8%-ია. შესაძლოა, გარკვეულ ემისიებში შევიდეთ, მაგრამ არა ისე აგრესიულად როგორც ამას 2022 ან წინა წლებში ვაკეთებდით. თუმცა სახაზინო ვალდებულებების ბაზარი დიდია და საინტერესო“, - აცხადებს მელიქიძე.
აღსანიშნავია, რომ მალე პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი უფართოვდება.
„კანონთან დაკავშირებული ცვლილებები უკვე პარლამენტშია და მალე დაიწყება მოსმენები. იგეგმება საინვესტიციო მანდატის გაფართოება და კონცენტრაციის ლიმიტის გაზრდა. დღეს თუ შეგვიძლია ერთ კონცენტრაციაში 10%-ით მონაწილეობა კანონის მიღების შემდეგ 25%-ით შეგვეძლება ემისიაში შესვლა. ჩვენ მანდატის გაფართოება მიზანშეწონილია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ გავზრდით კონცენტრაციებს. თუ კარგი ემისია იქნება შესაძლებლობა გვექნება, რომ შესვლა 10%-ზე მეტით განვიხილოთ“, - აცხადებს გოგა მელიქიძე.
აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტო 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მარტის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია; საპენსიო აქტივებზე დარიცხული წმინდა ამონაგები 477 მილიონ ლარს აჭარბებს; წმინდა უკუგება საინვესტიციო საქმიანობის დაწყებიდან დღემდე 42.57%-ს შეადგენს; საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 383 ათასი ადამიანი დაფიქსირდა; დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,273 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 8,712,552.41 ლარს შეადგენს.
„გრძელდება პორტფელის დივერსიფიკაცია და 22 მარტის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურება: სააგენტომ ამ პერიოდში ინვესტირება განახორციელა თიბისი ლიზინგის 3-წლიან ვადიანობის კორპორაციულ ობლიგაციებში 7.96 მილიონი ლარის ოდენობით. ობლიგაციის კუპონის განაკვეთი 3-თვიან TIBR + 3.00% შეადგენს (ყიდვის მომენტში 14.15%). აღსანიშნავია, რომ მოცემულ ემისიაში ინვესტიცია რიგით მე-2 ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში ინვესტირებაა. ამავდროულად, საპენსიო სააგენტო განაგრძობს აქტივების გლობალურ დივერსიფიკაციას და პირველი კვარტლის განმავლობაში განვითარებული ეკონომიკების ინდექსის ფონდთან ერთად შეიძინა დამატებითი გლობალური ინდექსების ფონდები. შედეგად, გლობალურ აქციებში ინვესტირების წილმა საპენსიო აქტივების 10%-ს გადააჭარბა და მომავალშიც ზრდა იგეგმება“, - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს კვარტალურ ანგარიშში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826