შიდა წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების სავალდებულო რეგისტრაცია უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს - ივანე აბაშიძე
ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1 ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ბიზნესისთვის“ .
მისი განმარტებით, რეგულაციის მიზანი შიდა წყლებში უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, უბედური შემთხვევების პრევენცია და მცურავი საშუალებების ეფექტიანი აღრიცხვის სისტემის შექმნაა.
„შიდა წყლებში მცურავ საშუალებებთან დაკავშირებული ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაუცველობას უკავშირდება, ახალი რეგულაციები კი სწორედ ამ რისკების შემცირებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება,” - აღნიშნა ივანე აბაშიძემ.
რეგისტრაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმისა და თბილისის ოფისებში იქნება შესაძლებელი.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.