შპს "თრეიდ ჰოლდინგს" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "თრეიდ ჰოლდინგს" (ს/ნ: 416331507) საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.
გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი კომპანიის მხრიდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება გახდა.
საბროკერო კომპანიის ლიცენზიის გაუქმებით, შპს "თრეიდ ჰოლდინგს" აღარ აქვს უფლება განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბროკერო საქმიანობა, რომელიც განსაზღვრულია "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით.
ნებისმიერი ზემოხსნებული მომსახურების განხორციელება (რა სახელწოდებასაც არ უნდა ატარებდეს იგი), შესაბამისი ლიცენზიის გარეშე და კანონმდებლობის გვერდის ავლით, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას და განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველია როგორც კლიენტებისთვის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და მთლიანად საფინანსო სექტორისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს კომპანიებთან და ისარგებლონ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების მომსახურებებით.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826