შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა - გენადი არველაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა CAREC-ის მინისტრთა 25-ე კონფერენციასა და ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატარში გაიმართა.
მინისტრის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეკონომიკური დერეფნების განვითარებას მიეძღვნა. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ტრადიციული სატრანსპორტო დერეფნებიდან ინტეგრირებულ ეკონომიკურ დერეფნებზე გადასვლის მნიშვნელობაზე, რომლებიც ინფრასტრუქტურას აკავშირებს ვაჭრობასთან, ლოგისტიკასთან, ენერგეტიკასთან, ციფრულ დაკავშირებადობასთან, ინვესტიციებსა და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
„შესაძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს დერეფნებში ღირებულების შექმნა არა მხოლოდ საქონლისა და ადამიანების უფრო ეფექტიანი გადაადგილებით, არამედ ინვესტიციების მოზიდვით, ლოგისტიკური და ინდუსტრიული საქმიანობის განვითარებით, სამუშაო ადგილების შექმნითა და ადგილობრივი ეკონომიკების დაკავშირებით რეგიონულ და გლობალურ ბაზრებთან," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკვანძო პრიორიტეტია არსებული სატრანსპორტო ქსელის ირგვლივ მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბებისა და ვაჭრობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარება.
„შუა დერეფანი, მისი მზარდი სატვირთო ნაკადებით, შესაძლებლობას იძლევა, რათა საქართველომ განავითაროს უფრო ფართო რეგიონული ლოგისტიკური და ეკონომიკური ეკოსისტემა - ეს მოიცავს სარკინიგზო, საპორტო და საგზაო კავშირების გაძლიერებას, სასაზღვრო პროცედურების გაუმჯობესებასა და დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური, სავაჭრო და საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის პირობების შექმნას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის განვითარებისთვის.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. მისი თქმით, პროექტს შეუძლია შექმნას უფრო მტკიცე მულტიმოდალური პლატფორმა ვაჭრობის, ლოგისტიკისა და ინვესტიციებისთვის, და ხელი შეუწყოს უფრო ფართო ეკონომიკური საქმიანობის გენერირებას დერეფნის გარშემო.
„ვერცერთი ცალკეული ქვეყანა ვერ მოახდენს დერეფნის ოპტიმიზაციას დამოუკიდებლად. საქართველო მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი ამ პროცესში, განსაკუთრებით შუა დერეფნისა და ჩვენი როლის მეშვეობით, როგორც ხიდისა ცენტრალურ აზიას, კასპიის რეგიონს, შავ ზღვასა და ევროპას შორის," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი - როგორია სტატისტიკა
30.09.2026.19:01
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 69.3 პროცენტია. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 670.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 627.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ფასის ცვლილებების გამო 28.2 მლნ აშშ დოლარით და საკურსო ცვლილებების გამო 15.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.3 მლრდ აშშ დოლარი (29.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.7 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 22.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 483.0 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.2 პროცენტი) და 907.2 მლრდ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.2 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 10.8 მლრდ აშშ დოლარი (28.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.4 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 10.3 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი (8.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 8.2 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 83.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 12.2 მლრდ აშშ დოლარი (32.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 29.9 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.1 მლრდ აშშ დოლარია (10.9 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 10.1 პროცენტია.
2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 38.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 11.5 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. 2026 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 470.9 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.