„შუა დერეფანი" სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძენს, როგორც ერთ-ერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა - ლევან დავითაშვილი
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო კავშირი ევროკავშირთან და ჩინეთთან. ხაზგასასმელია, რომ საქართველო-ჩინეთის შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ არამხოლოდ აძლიერებს სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის, არამედ აქვს უფრო ფართო რეგიონალური სარგებელი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პეკინში, სესიაზე „მაღალი დონის სავაჭრო კავშირების ხელშეწყობა" სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და რეგიონში სავაჭრო-ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებას.
მინისტრის შეფასებით, რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასა და მისი უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებში.
„მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი საჭიროების გათვალისწინებით, „შუა დერეფანი" სულ უფრო მეტ მიმზიდველობას იძენს, როგორც ერთ-ერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა. ამ დერეფანს შეუძლია ისეთი ხელშესახები უპირატესობების შეთავაზება, როგორიცაა საზღვაო ტრანსპორტირების მარშრუტთან შედარებით მოკლე დრო და უფრო ფართო წვდომა სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე" - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2023 წლის ივლისში, რომელიც, მინისტრის შეფასებით, იქცა ორი ქვეყნის პარტნიორობის ახალი ეპოქის ამოსავალ წერტილად. ვიზიტის შედეგად მიღებული იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, რომელიც აყალიბებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას მომავალი წლებისთვის.
„საქართველოს, რომელიც ატარებს ლიბერალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პოლიტიკას და აქვს გამარტივებული საბაჟო პროცედურები, შეუძლია ამაყად წარმოაჩინოს თავი, როგორც გამარტივებული ვაჭრობისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კატალიზატორმა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადად უმოკლეს მარშრუტს შორეული აზიიდან ევროპის მიმართულებით" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826