შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება - თამარ იოსელიანი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს, როგორც შუა დერეფნის მარშრუტის საკვანძო მონაწილის როლზე, ზოგადად, შუა დერეფნის მარშრუტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მისი განვითარების პროცესში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის" ეთერში.
თამარ იოსელიანის შეფასებით, შუა დერეფანი უკვე არა ალტერნატიული, არამედ საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი მარშრუტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში უფრო აქტუალური ხდება.
„შუა დერეფნის მიმართ დიდი დაინტერესება არის როგორც ქვეყნებიდან, ასევე ლოგისტიკური, გადამზიდავი კომპანიებისგან და ეს ყველაფერი რიცხვებში ისახება. 2025 წლის მაჩვენებელს თუ ავიღებთ, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან გადაზიდული კონტეინერების მაჩვენებლებში 33%-იანი მატება გვქონდა. წლევანდელი მონაცემებით, სანავსადგურო სექტორში ყველა ტიპის ტვირთთან მიმართებაში მატება გვაქვს. წელს, მხოლოდ მაისის თვეში, სარკინიგზო გადაზიდვებთან მიმართებაში, გადაზიდულია დიდი რაოდენობით ტვირთი - 1 300 000 ტონა, რომელიც ძალიან მაღალი მაჩვენებელია ბოლო წლების განმავლობაში", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა, რომ მარშრუტის წარმატებით ფუნქციონირების პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მის პროგნოზირებადობას, საიმედოობას და ეფექტურობას, ასევე სწრაფ მომსახურებას. მინისტრის მოადგილის შეფასებით, შუა დერეფანი აღნიშნულ კომპონენტებს აკმაყოფილებს და თავის მომხმარებლებს სთავაზობს საიმედო, სწრაფ და ეფექტიან მარშრუტს ტვირთების გადასაზიდად. როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა იდება არა მარტო აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნების მხრიდანაც.
„შესაბამისად, ჩვენ ამ ქვეყნებთან ძალიან მყარ კოორდინაციაში ვართ იმისთვის, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ, რადგან შუა დერეფანი ერთიანი სატრანსპორტო ქსელია და სჭირდება კოორდინირებული მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ ერთი სინერგიით ვიყოთ პროგნოზირებადი, სწრაფი და ეფექტური. აქედან გამომდინარე, ძალიან შეთანხმებულად ვმუშაობთ, რომ ის ინვესტიციები, რომელსაც ვახორციელებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში, ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ სატრანსპორტო მიმართულებით, იყოს კოორდინირებული და შესაბამისად, შუა დერეფანი აღარ იყოს ალტერნატივა, არამედ იყოს ის საიმედო მარშრუტი, რომელიც მოემსახურება გლობალურ სავაჭრო ქსელებს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
14.07.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0026 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6350 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6359 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.0026 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102
ლარი შეადგინა.