შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად - საქართველო დღეს ამ დერეფნის საკვანძო რგოლია | თამარ იოსელიანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელობის ზრდაზე და საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის, როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიულ კვირეულის (OECD Eurasia Week) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ პარიზში გაიმართა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, უკვე აღარაა მხოლოდ ალტერნატიული გზის სტატუსის მატარებელი დერეფანი. „დღეს ის სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც მდგრადი მიწოდების ჯაჭვების, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ევროპასა და აზიას შორის მყარი კავშირების სტრატეგიული კომპონენტი. საქართველო არის დერეფნის არა ტრანზიტული პერიფერია, არამედ საკვანძო რგოლი, რომელიც საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ეკონომიკურ უპირატესობად გარდაქმნის და ძალისხმევას მიმართავს, რომ შავი ზღვა პოზიციონირებდეს როგორც საიმედო კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირს შორის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც აძლიერებენ საქართველოს ფუნქციას დერეფანში და აღნიშნა, რომ მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საკუთარი როლის გასაძლიერებლად. თამარ იოსელიანის თქმით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სამთავრობო ხედვის შესაბამისად, საქართველოს ჯამური ინვესტიცია ძირითად სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოსა და შუა დერეფანზე გამავალი ტვირთბრუნვის მოცულობა იზრდება, რაც ადასტურებს დერეფნის აქტუალობას. "2025 წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - კონტეინერბრუნვა 2024 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 14 პროცენტით მეტია რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვების ოდენობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია შუა დერეფანში საკონტეინერო ნაკადების 33%-იანი ზრდა ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც საკვანძო სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, ეს იმპულსი მდგრად ზრდად ვაქციოთ ისეთი სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც ეფექტური, თავსებადი და სრულად ინტეგრირებული იქნება რეგიონულ და ევროპულ მიწოდების ჯაჭვებში," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება დერეფნის მონაწილე ქვეყნების საბაჟო და სხვა პროცედურების სინქრონიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს დერეფნის დიგიტალიზაციასა და სხვა სახის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. თამარ იოსელიანის თქმით, შუა დერეფნის მულტიმოდალური ერთობლივი საწარმოს შექმნა კოორდინირებულ მომსახურებაზე, პროგნოზირებად განრიგებსა და კონკურენტულ ტარიფებზე გადასვლის დასტურია, და ეს სწორედ ისაა, რასაც გლობალური გადამზიდავები მოელიან.
„საქართველოს გზავნილი ნათელია: შუა დერეფანი უნდა მუშაობდეს როგორც ერთი სისტემა - დაკავშირებული ფიზიკურად, სინქრონიზებული ციფრულად და კოორდინირებული ინსტიტუციურად. საქართველო ამ ხედვას რეალობად აქცევს და თანმიმდევრულად ყალიბდება ევრაზიის სანდო კავშირის ჰაბად," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
პლენარული სესია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს და რეგიონული დაკავშირებადობის საკითხებს მიეძღვნა. სესიაზე ასევე განხილულ იქნა OECD - ის კვლევა „ცენტრალურ აზიაში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება".
OECD - ის ევრაზიის კვირეულში ასევე მონაწილეობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826