შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა - ლევან დავითაშვილი
„ჩვენ შეგვიძლია გავდოთ ხიდები არამარტო ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით - ეს გულისხმობს კარგ კოორდინაციასაც. ჩვენ ასევე უნდა გავიგოთ, საიდან და როგორ მოდის ჩვენთან ტვირთები, როგორ ხდება გადაზიდვა. შეიძლება ეს იყოს ჩინეთიდან, მაგრამ ასევე გვაინტერესებს კავშირი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი".
ლევან დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, არსებული გამოწვევების მიუხედავად. მისი თქმით, შუა დერეფნის პროექტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ასევე სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი შეიძლება იქნას გამოყენებული - სარკინიგზო, საზღვაო. ბევრი დაინტერესებული მხარეა კერძო სექტორიდან და ამიტომ მუშაობის პროცესში კოორდინაცია უმთავრესი პრიორიტეტის საგანი უნდა იყოს.
პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი" საქართველოს ვიცე-პრემიერის გარდა სპიკერთა მაღალი დონის გუნდი მონაწილეობს: რაშად ნაბიევი - აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, კიტაკ ლიმი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო.
„აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და თუ მისაღები ფასები იქნება, თუ ამ დერეფანში სიტუაცია პროგნოზირებადი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი კლიენტი და მომხმარებელი მოვიზიდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტს შეიძლება მოკლევადიანი დადებითი შედეგები ჰქონდეს, დაჩქარდეს ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფანში, მაგრამ აუცილებელია რომ გამოყენებული იქნას ყველა ის წინაპირობა, რომელიც არსებობს. „მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ უფრო მეტი პარტნიორი და მათთვისაც გავხდეთ სანდრო პარტნიორი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826