შუა დერეფნის ქვეყნები ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობენ ტვირთების მოსაზიდად - „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარის მრჩეველი
შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნები ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობენ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების მოსაზიდად - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია „აზერბაიჯანის რკინიგზის“ (ADY) თავმჯდომარის მრჩეველმა ემილ მამადოვმა ბაქოში, Black and Caspian Freight Forum 2026-ის მეხუთე ფორუმზე განაცხადა.
მრჩევლის განცხადებით, აქამდე შუა დერეფნის პოპულარიზაცია ძირითადად მის უშუალო მონაწილე ქვეყნებში ხდებოდა. ამ მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები იმართებოდა ჩინეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში და, საუკეთესო შემთხვევაში, თურქეთში.
„პრაქტიკულად არავინ გასულა ევროპულ ბაზარზე შუა დერეფნის დღის წესრიგით, რადგან მარშრუტი განვითარების ბუნებრივ ეტაპს გადიოდა. ახლა ევროპელ პარტნიორებთან აქტიურ თანამშრომლობაზე გადავედით, რათა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ტვირთების მოზიდვის სისტემური მუშაობა ჩამოვაყალიბოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ევროპული ბიზნესი ადგილობრივი ოპერატორების მიერ შეთავაზებულ კონცეფციებს უფრო მეტად ენდობა. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, შევქმნათ ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება“, - აღნიშნა მამადოვმა.
მისი თქმით, ევროპიდან პოტენციურად ექსპორტირებადი საქონლის სრული ჩამონათვალი მოგვიანებით განისაზღვრება.
მამადოვმა განმარტა, რომ მოსაზიდი ტვირთების კატეგორიები საექსპორტო ნაკადების სპეციფიკით განისაზღვრება.
„საუბარია ევროპაში წარმოებულ მაღალი დამატებული ღირებულების მქონე მზა პროდუქციაზე, კერძოდ, საავტომობილო ინდუსტრიის პროდუქციასა და კომპონენტებზე. სრული ჩამონათვალი მოგვიანებით ჩამოყალიბდება, რადგან ის პირდაპირ არის დამოკიდებული იმ პირობებზე, რომელთა შეთავაზებასაც დერეფანი ტვირთგამგზავნებისთვის შეძლებს.
აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორსა და მომსახურების დონის შეთანხმების პირობების შესრულებას.
ეს მასშტაბური და მრავალმხრივი ამოცანაა. ველოდებით, რომ პირველი ხელშესახები შედეგები უკვე 2027 წლიდან გამოჩნდება და დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაზიდვების მოცულობის სისტემურ ზრდას დავიწყებთ“, - განაცხადა მრჩეველმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826