შუა დერეფნისთვის საქართველო რჩება სანდო, ეფექტურ და საიმედო პარტნიორად - თამარ იოსელიანი
საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი თქმით, შუა დერეფნის მიმართ მოთხოვნა მზარდია და დღევანდელ მსოფლიოში სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია.
„შუა დერეფანი იძენს მაღალ აქტუალობას და აქედან გამომდინარე, შუა დერეფნისთვის საქართველო რჩება სანდო, ეფექტურ და საიმედო პარტნიორად. ამ კუთხით, მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება ზოგადად სატრანსპორტო სექტორში. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ სარკინიგზო სექტორს, სადაც ისტორიული პროექტები ხორციელდება დღესდღეობით და მნიშვნელოვანია ასევე საზღვაო მიმართულება და აქ გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რომელზედაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ გადავედით ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს „ლენდლორდ" მოდელს. „ლენდლორდ" მოდელი არის ის მოდელი, რომლითაც საქართველო რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მესაკუთრედ და ეს არის სრულიად ქართული აქტივი, სადაც უკვე სახელმწიფო ახორციელებს შესაბამის ინვესტიციებს იმისათვის, რომ მზად დახვდეს ინვესტორს, ტერმინალის ოპერატორებს და შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ინვესტიციებს როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ინფრასტრუქტურაში, რაც ასევე მოიცავს საგზაო და სარკინიგზო მიმართულებებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განცხადებით, "ლენდლორდ" - მოდელი მსოფლიოში აპრობირებულია.
„მსოფლიოს პორტების 2/3 აღნიშნული მოდელით იმართება. მაგალითისთვის მოვიყვან ამერიკის შეერთებულ შტატებს, სინგაპურს, კორეის რესპუბლიკას, ევროპულ ნავსადგურებს - როტერდამს, მარსელს და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ მოდელზე გადავედით იმიტომ, რომ გაზრდილი არის ზოგადად ინტერესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ, გაზრდილია ინტერესი როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ასევე გაზრდილია ინტერესი ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და დასავლეთიდან. შესაბამისად, ეს მოდელი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკები იყოს დაბალანსებული, არ იყოს ერთ აქტორზე დამოკიდებული აღნიშნული ნავსადგურის განვითარება და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ კონკურენციაც აღნიშნულ ნავსადგურში შესაბამისი იყოს იმისათვის, რომ წარმატებული იყოს აღნიშნული პროექტი", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 1 მლრდ 100 მლნ აშშ დოლარია, რომელიც გადანაწილდება როგორც კერძო სექტორზე, ასევე სახელმწიფოზე.
თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მუშაობს შესაბამისი რესურსების მოძიებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე, ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური 2029 წელს შევიდეს ოპერირებაში.
სხვა სიახლეები
ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე - მარიამ ქვრივიშვილი
13.07.2026.15:59
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და მიმდინარე მსხვილი სტრატეგიული პროექტები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალ მოდელს.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როლანდ პრაისსთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო, სადაც დეტალურად განიხილეს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პოტენციური ჩართულობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაზაში.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მსოფლიო ბანკის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან, რის ფარგლებშიც ვისაუბრეთ მსოფლიო ბანკის პოტენციურ ჩართულობაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან ფაზაზე. სიღრმისეულად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განახლებულ მოდელზე, თუ რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აპირებს შემდგომში ანაკლიის პორტის განვითარებას. მოდელი პასუხობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ არაერთ ქვეყანაში უშუალოდ პორტის ოპერირებისა და განვითარების ფაზაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე განცხადებით, პორტის „ლენდლორდის" მოდელით განვითარება საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა.
„მნიშვნელოვანია, რომ პორტი იქნება ქართული, საქართველოს მთავრობა განავითარებს პორტს, შესაბამისად ინვესტიციებსაც განახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუმცა აღნიშნული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საპორტო ინფრასტრუქტურის ოპერირებაში ჩვენ შემოვიყვანოთ არაერთი სახელმწიფო ან არაერთი სახელმწიფოს გამოცდილი კერძო ოპერატორი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს სრულ მზადყოფნას და იმ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, რომლებიც ამჟამად ანაკლიის პორტში უშუალოდ ფსკერის დაღრმავებისა და ტალღმჭრელის მოწყობის მიმართულებით სრულდება. ყურადღება გამახვილდა მომდევნო ფაზებზეც, რაც სამიმოსვლო და სარკინიგზო გზების ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით პროექტირება უკვე დასრულებულია.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის სრულ თანხვედრაში ვართ იმ გეგმა-გრაფიკთან, რომელიც გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ უკვე გეგმა-გრაფიკი ზედმიწევნით შესრულდეს, რათა 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა მიიღოს პირველი გემი", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.