შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა - ლევან ჟორჟოლიანი
შვეიცარიულმა კომპანიამ ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა, - განაცხადა გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას.
„კლიმატის ცვლილებები აისახება მთელს მსოფლიოზე, არა მხოლოდ საქართველოზე. ჩვენ სამწუხარო შემთხვევებიც გვქონდა, სტიქიები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რისკები შეამციროს. რისკების შემცირების ერთ-ერთი პირველი ეტაპი არის კვლევების ჩატარება, ანუ იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შეიძლება გარკვეული საფრთხე არსებობდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა. ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი ჩატარდა.
შემდეგ მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია. მყისიერი უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, ინფორმაციის მიწოდებას, რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა.
ეს ზოგადად ძალიან აპრობირებული მეთოდია, მათ შორის, შვეიცარიაში და მათ ეს კარგად გამოიყენეს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სტიქია ემუქრებოდა სოფელს. ადრეული გაფრთხილების სისტემამ მეტწილად დააზღვია ზიანი, რომელიც იქ დადგა და ვფიქრობ, რომ ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებით რისკების შემცირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი საფრთხე ამ ეტაპზე არსად არ ფიქსირდება. არის გარკვეული ადგილები, სადაც რეკომენდაცია გაიცა და წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა, ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია იქნა გაცემული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826