სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი 7.1%-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ შემცირდა
დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ - 21.3 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე შემცირდა.
„ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური - ირაკლი კობახიძე
25.05.2026.13:16
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სინგაპურულ კონსორციუმთან მოლაპარაკებები გრძელდება.
„ამ ეტაპზე არ იგეგმება რაიმე ახალი პროცესის დაწყება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება ისედაც გრძელდება, ჩვენ გვაქვს გარკვეულ ეტაპამდე იმის საშუალება, რომ ხელოვნურად არ დავაჩქაროთ პროცესები, თუმცა რაღაც ეტაპზე ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. ვფიქრობ, წლის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ეს ყველაფერი, ძალიან მალევე, უახლოეს თვეებში უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.
რაც შეეხება სამუშაოებს, სამუშაოები გრძელდება. იყო ძალიან მცირე პაუზა, რაც იყო განპირობებული ხელშეკრულების გადახედვით და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ხელშეკრულების პირობები, ფინანსური მხარე. სახელმწიფოს მოუწევს ბევრად ნაკლები ხარჯის გაწევა დაღრმავების სამუშაოებისთვის, ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოებისთვის, ამან წაიღო მცირე დრო, თუმცა შესაბამისი ინტენსივობით გრძელდება სამუშაოები. შესაბამისად 2029 წლისთვის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური. პარალელურად ვმუშაობთ გზაზე, რკინიგზაზე, ესეც არის რეალური პროცესი. სათანადო ვადებში ყველა პროექტი იქნება განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.